744 პრობაციონერზე პრობაციის ბიუროებიდან შემოსული შუამდგომლობები დაკმაყოფილდა

744 პრობაციონერზე პრობაციის ბიუროებიდან შემოსული შუამდგომლობები დაკმაყოფილდა

სასჯელაღსრულების სამინისტროს პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ,  დეკემბერში დააკმაყოფილა 744 პრობაციონერზე (მათ შორის 378-ქალი და 34-არასრულწლოვანი) პრობაციის ბიუროებიდან შემოსული შუამდგომლობები.

კომისიამ უპირატესობა მიანიჭა სოციალურად დაუცველ (არაუმეტეს 70000 სარეიტინგო ქულა), მრავალშვილიან(3 და მეტი შვილი), არასრულწლოვან, მდედრობითი სქესის,  დევნილ, ხანდაზმულ და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირობით მსჯავრდებულებს, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისა, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი და რისკების  შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

მიმდინარე თვეში კომისიამ ასევე განიხილა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენის მოთხოვნები, რომელთა განხილვისას კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა მსჯავრდებულებს, რომელთა უფლებების ჩამორთმევის დღიდან გასულია არანაკლებ ერთი წელი, ასევე წარსულში ნასამართლეობის არმქონე პირებს.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ჩამორთმეული უფლების აღდგენის 15 განაცხადზე.

კომისიის გადაწყვეტილებები 2 კვირის ვადაში გადაეგზავნებათ ადრესატებს.

პირობითი მსჯავრის ვადაზე ადრე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის მუდმივმოქმედი კომისია აქტიურად განაგრძობს შემოსული განცხადებების განხილვას.