პროკურატურა მზადაა ბუტა რობაქიძის მეგობრების წინააღმდეგ, ბრალდება უკან წაიღოს

პროკურატურა მზადაა ბუტა რობაქიძის მეგობრების წინააღმდეგ, ბრალდება უკან წაიღოს

ბუტა რობაქიძის მეგობრების: გიორგი ქურდაძის, კახა აზარაშვილისა და აკაკი ბართაიას სასამართლო პროცესი 17 დეკემბრისთვის გადაიდო.

პროცესის გადადების მიზეზი სასამართლო დარბაზში ერთ-ერთი ბრალდებულის აკაკი ბარცაიას არ გამოცხადება გახდა.

ქურდაძის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი განსასჯელთა გამართლებას მოითხოვს და იმედოვნებს, რომ ქურდაძისა და მისი მეგობრების მიმართ, ბრალი მოიხსნება.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძეც ესწრებოდა.

„დღევანდელ პროცესზე აბსოლუტურად დადასტურდა ჩვენი ვარაუდი, რომ სახელმწიფო ბრალდება უარს იტყოდა თავის ბრალდებაზე. პროკურორმა გამოთქვა შუამდგომლობის დაყენების სურვილი, თუმცა ფორმალური მიზეზით კერძოდ, ერთ-ერთმა განსასჯელმა ვერ მოახერხა დღევანდელ პროცესზე მოსვლა. სწორედ, ეს მიზეზი გახდა იმის საფუძველი, რომ კიდევ ერთხელ პროცესი გადაიდო. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ დადგება გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან პროკურატურაც ეთანხმება ჩვენს შუამდგომლობას და ხსნის ბრალდებას“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

სოსო რობაქიძე მისი შვილის მეგობრებისათვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, იმ პირთა დასჯას ითხოვს, ვინც მათ იარაღი ჩაუდო.

„პროკურატურას უკან მიაქვს ეს საქმე. ბიჭებს გაამართლებს და ყველას იარაღს მოუხსნის, მაგრამ მთავარია, მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ,  ვინც ისინი დააპატიმრა და  იარაღი ჩაუდო, ისინი დაისაჯონ, ლოგიკურია მათი დასჯა“, - განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ.

ცნობისთვის, რობაქიძის მეგობრებს ბრალად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარება ედებათ.