პაატა ზაქარეიშვილი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საქართველოს ელჩები ამ ქვეყნებში.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს მათი სახელმწიფოების მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პაატა ზაქარეიშვილმა კონფლიქტების მიმართულებით საქართველოს ახალი მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. კერძოდ, მან სტუმრებს გააცნო, რა დარჩება უცვლელად ძველი მთავრობის ხედვებიდან და რა სიახლეები და ცვლილებები იგეგმება. სახელმწიფო მინისტრმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკას ევროპული პოლიტიკის ნაწილად განიხილავს და საქართველომ და ევროკავშირმა აფხაზებსა და ოსებს ევროპული ფასეულობები ერთობლივად უნდა შესთავაზონ.

თავის მხრივ, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ევროპული საზოგადოება არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მყარად უჭერს მხარს. მათივე განცხადებით, ასევე მხარს უჭერენ არაღიარების პოლიტიკის ფონზე შერიგებისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას.