ლაშა მაქაცარია: რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით დაკითხვა, მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა

ლაშა მაქაცარია: რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით დაკითხვა, მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა

იმერეთის ყოფილი გუბერნატორის ლაშა მაქაცარიას განცხადებით, რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით, მიწის მართვის კომისიის წევრების დაკითხვის მთავარი მიზანი მერიის მაღალჩინოსნების დაკავებაა.

ამის შესახებ მაქაცარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის ყველა წევრის დაკითხვისას შეკითხვები სტანდატრული და იმდენად აბსურდულია, რომ შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს მათზე პასუხები ჰქონდეს.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ შემიძლია დაწვრილებით გითხრათ, თუ რა შეკითხვები იყო დასმული დაკითხვისას, თუმცა მე მგონია, რომ ეს ყველაფერი უბრალო ფორმალობაა და საბოლოოდ მერიის მაღალჩინოსნების დაშინებას ან სულაც დაკავებას უკავშირდება. ზოგადად, ეს არის ახალი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითი. იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას ჩემთან კიდევ გაუჩნდება შეკითხვები, რა თქმა უნდა, მე აუცილებლად მივალ, რადგან ყველაფერი გარკვეულია. თუკი გამოძიება გადაწყვეტს და ჩემი დაკითხვის ან სულაც გამოძიების მასალების ნაწილს მაინც გამოაქვეყნებს, საზოგადოება თავად მიხვდება, თუ რა აბსურული საქმე და ბრალდებები აქვს გამოძიებას" - განაცხადა მაქაცარიამ.

რაც შეეხება რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისების საკითხში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, მაქაცარიას აღნიშნულთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ივანიშვილი ამ პროცესში მონაწილეობდა და გამოძიების დაინტერესების შემთხვევაში, კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

„ეჭვი მეპარება ივანიშვილი დაკითხვაზე დაიბარონ, რადგან ეს  საქმე აბსურდია და რეალურ გამოძიება კი არა, უბრალოდ თბილისის მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა" - აღნიშნა მაქაცარიამ.