მამუკა ღლონტი და დიმიტრი გაბუნია საქალაქო სასამართლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

მამუკა ღლონტი და დიმიტრი გაბუნია საქალაქო სასამართლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი და ადვოკატი დიმიტრი გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

როგორც მამუკა ღლონტმა დღეს „მაესტროს" პრეს-კლუბში განაცხადა, საქალაქო სასამართლომ მორიგი სიცრუე გაავრცელა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ უფლება მისცა საკუთარ თავს, რომ მუქარის ტონი გამოეყენებინა. ის გვახსენებს, რომ ცილისწამება და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც თურმე, ჩვენი მხრიდან მოხდა, დასჯადი ქმედებაა. მინდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შევახსენო, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და უმოქმედობა დასჯადია არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, არამედ სასამართლოს თანამშრომლებისთვისაც. ახლაც ვამბობ ხმამაღლა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა მორიგი სიცრუე, ის იტყუება თავის განცხადებაში" - აღნიშნა მამუკა ღლონტმა და დასძინა, რომ განცხადების ავტორის მიმართ, რომელმაც თავს უფლება მისცა, მედიასაშუალებას დამუქრებოდა, შესაბამისი ზომების გატარებას ელოდება.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაცემა „არგუმენტებში" გაკეთებულ განცხადებას გუშინ უპასუხა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს შპს "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" სარჩელს მოპასუხეების შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორების მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ზემოხსენებულ სატელევიზიო გადაცემაში შპს სტუდია „მაესტროს" პარტნიორების ინტერესების დამცველმა დიმიტრი გაბუნიამ სასამართლო საქმის განხილვის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

 სასამართლოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეების შპს „სტუდია მაესტროს" პარტნიორების ქონებას, კერძოდ მათ წილებს შპს „სტუდია მაესტროში". აღნიშნული განჩინება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ. სასამართლო განმარტავს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, არ გულისხმობს თავად შპს „სტუდია მაესტროსათვის" რაიმე ფორმით ქონების განკარგვის აკრძალვას ან სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას. ყადაღა მხოლოდ პარტნიორებს უზღუდავს შპს „სტუდია მაესტროში" მათი კუთვნილი წილების გასხვისებას.