ზაზა გაბუნია მერიის სარეზერვო ფონდიდან 11 მლნ ლარის გაფლანგვაზე საუბრობს

ზაზა გაბუნია მერიის სარეზერვო ფონდიდან 11 მლნ ლარის გაფლანგვაზე საუბრობს

საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მერიის სარეზერვო ფონდიდან 11 მილიონი ლარის გაფლანგვაზე საუბრობს და ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ზაზა გაბუნიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

როგორც გაბუნია აცხადებს, მან სამინისტროში შესაბამისი დოკომენტაციაც წარადგინა, რაც მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვას ადასტურებს.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, 2010, 2011 და 2012 წლებში თბილისის მერის სარეზერვო ფონდის საერთო მოუცულობა 17 მილიონ 500 ათასი ლარი იყო, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ 6 მილიონ 700 ათასის ხარჯვაზე არსებობს, დანარჩენი 11 მილიონამდე ლარის ხარჯვის პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართა და არ არის ცნობილი რაში დაიხარჯა.

„გამოთხოვილ დოკუმენტაციაში სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობის მხოლოდ ერთი ნაწილის ხარჯვის შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების მიზნით თანხების გადარიცხვას ეხება. ჩანს, რომ მერია 11 მილიონამდე ლარის ხარჯვის შესახებ ინფორმაციას მალავს და სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა სად დაიხარჯა 11 მილიონამდე ლარი"- აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სარეზერვო ფონდში არსებული თანხები მხოლოდ ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს უნდა იქნას გამოყენებული, მიმდინარე წლის მაისის თვეში ორთაჭალაში მომხდარი წყალდიდობის დროს ფონდში არ აღმოჩნდა სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხები, რადგან ფინანსური რესურსი წლის შუა ნაწილშიც კი არამიზნობრივად გახარჯული იყო.