ორი კვირაში გახდება ცნობილი, ჩამორთმეული თვითმფრინავი პრეზიდენტის განკარგულებაში იყო, თუ მთავრობის

ორი კვირაში გახდება ცნობილი, ჩამორთმეული თვითმფრინავი პრეზიდენტის განკარგულებაში იყო, თუ მთავრობის

საზოგადოება დაახლოებით, ორი კვირაში გაიგებს, სააკაშვილისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავი პრეზიდენტის განკარგულებაში იყო, თუ მთავრობის. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბურჭულაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი არ ჰყოლია და მეორე ბორტი მთავრობის განკარგულებაში იყო.

„აღნიშნულ შესყიდვას ჯერჯერობით გრიფი „საიდუმლო" გრიფი ადევს. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება, ვიდრე გრიფი „საიდუმლოს" ახსნის პროცედურები არ იქნება დასრულებული, შეუძლებელია. ეს საკითხი ძალიან იოლად გასარკვევია. ამას განაპირობებს ერთ-ორი ფაქტორი. ნებისმიერი ფრენა, რომელიც განხორციელდა ბორტი ნომერი 1-ით, ისევე როგორც ბორტი ნომერი 2-ით არის დაფიქსირებული, კონკრეტულად რა თარიღში სად იმყოფებოდა ეს თვითმფრინავი და რა ფრენა განხორციელდა. თქვენ მოგეცემათ საშუალება გრიფი „საიდუმლოს" ახსნის შემდეგ გაიგოთ მთავრობის რომელი წევრი, როდის სად იყო" - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, გრიფი „საიდუმლოს" მოხსნას გარკვეული პროცედურები სჭირდება.

„პირველი ეს არის გადაწყვეტილება და მეორე ამის აღსასრულებლად საჭირო დრო, რომლისთვისაც თუ არ ვცდები, 2 კვირა საკმარისია. გადაწყვეტილება ჩვენი უწყების დონეზე მიღებულია. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა შეჯერდეს და ვფიქრობ, მიიღება კიდეც" - განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, პრეზიდენტისთვის ორი თვითმფრინავი უფრო უფრო ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ვიდრე საჭიროებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩათვალა თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად პრეზიდენტისთვის თვითმფრინავი ჩამოერთმია, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილად ხარჯების შემცირება ჩაითვალა.

„მიზანშეწონილად ჩაითვალა არა პრეზიდენტისთვის თვითმფრინავის ჩამორთმევა, არამედ ის, რომ არ გავწიოთ ეს ხარჯები, რადგან ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, როცა არჩევნის წინაშე ვდგებით და არჩევანია ჯარისთვის საჭირო ატრიბუტიკასა და თვითმფრინავს შორის, რა თქმა უნდა, ჯარის სოციალური უზრუნველყოფა გადაწონის. ამდენად ამ შემთხვევაში, ეს არის გადამწყვეტი პირველი მოტივი. პრეზიდენტი თვითმფრინავის გარეშე არ დაგვიტოვებია", - განაცხადა ბურჭულაძემ.