სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილისგან გამოცხადებულ პროპაგანდულ ომს,  ჩვენ დუმილით ვპასუხობთ,  დრო აღარ ითმენს!

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილისგან გამოცხადებულ პროპაგანდულ ომს, ჩვენ დუმილით ვპასუხობთ, დრო აღარ ითმენს!

პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი,  სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენების მოწოდებას ეხმაურება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „facebook“- ის საკუთარ გვერდზე წერს, ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას და მოსახლეობის  უმრავლესობის არჩევანს უცხოელებს ყოველდღიურად აკრიტიკებინებს.

ზურაბიშვილის შეფასებით,  ამით მოსახლეობაში ანტიამერიკული განცდა იზრდება.

„რითაც მერე ისევ ამერიკელებს მიუბრუნდებიან  „ნაცების“ რუპორები - აი, ხომ გეუბნებოდითო“ და შეიკვრება მეორე წრე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პასუხი საფრანგეთში ყოფნისას ძალიან კარგია და ასეთი პასუხი უნდა იყოს - დინჯი და საფუძვლიანი, მაგრამ არაა საკმარისი. მას იმდენი პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის შიგნით, რომ გარე ბრძოლისთვის ვერ მოიცლის. ის ერთი ამერიკელი ახლადგამოჩეკილი ექსპერტი რას ეყოფა,როცა იქიდან სენატორები გვწერენ და უკვე ბრალს გვდებენ“, - წერს ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილისგან გამოცხადებული პროპაგანდული ომი, რომელსაც „ჩვენ დუმილით ვპასუხობთ“.

„დუმილით და რწმენით, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“. ეხლა ჩამოჰყავს პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მინისტრი და „მეგობარი“ კარლ ბილდტი. ეჭვი არა გვაქვს თუ რას იტყვიან საჯაროდ და მაშინ კი ევროპელების წინააღმდეგ განვეწყობით! ომს სჭირდება სათანადო პასუხი, მობილიზაცია,  გაანალიზება და საფრთხის აღქმა, ნამდვილი კამპანიის გამართვა და იარაღის - ანუ საფუძვლიანი არგუმენტების დამზადება ( საქმეების მტკიცებულებების დადება).... დრო აღარ ითმენს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „facebook“- ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ჯონ შაჰინმა, ჯო ლიბერმანმა, ჯეიმს რიშმა და ლინდსი გრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილი მისწერეს და მოუწოდეს, დაამტკიცოს,  რომ  სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრების მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის არ იყენებს.