დავით დარახველიძე: სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილებს დღეს მიეცემათ გაფრთხილება, რომ ტერიტორია დატოვონ

დავით დარახველიძე: სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილებს დღეს მიეცემათ გაფრთხილება, რომ ტერიტორია დატოვონ

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს დღეს მიეცემათ გაფრთხილება, რომ ტერიტორია დატოვონ. ამის შესახებ დარახველიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი 53 ობიექტში იყო შეჭრილი, თუმცა აქედან უკანონოდ შეჭრილი ოჯახი მხოლოდ 300-მდეა დარჩენილი.

მინისტრის განცხადებით, ყველაზე პრობლემური კამოს ქუჩის შემთხვევა იყო, სადაც დევნილთა ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს და ასევე დევნილები უპირისპირდებიან მერიას.

როგორც დარახველიძემ განაცხადა, დღეს მოხდება მათი გაფრთხილება და უკანონოდ შეჭრილებმა 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება შესაბამისი ზომები.

„ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ მათ მშვიდობიან გამოსვლას და იმედი მაქვს, რომ აუცილებელი არ იქნება პოლიციის ჩარევა"- განაცხადა დარახველიძემ.

მისივე თქმით, უკანონოდ შეჭრილებთან მოლაპარაკებებში ასევე ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.