ნაზი ჯანეზაშვილი: ნანუაშვილს  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კარგი საფუძველი და გამოცდილება აქვს

ნაზი ჯანეზაშვილი: ნანუაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კარგი საფუძველი და გამოცდილება აქვს

„კონსტიტუციის 42 მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი სახალხო დამცველის პოსტზე, უჩა ნანუაშვილის დანიშვნას პოზიტიურად აფასებს.

ჯანეზაშვილის განცხადებით, მას უჩა ნანუაშვილთან პირადად მუშაობის გამოცდილება გააჩნია  და აღნიშნავს, რომ  ნანუაშვილს  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კარგი საფუძველი და გამოცდილება აქვს.

ჯანეზაშვილის თქმით, ნანუაშვილი დაზარალებულთა პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანს და ამ პოსტზე საქმიანობას თავს ღირსეულად გაართმევს.

„უჩა ნანუაშვილს წლებია ვიცნობ. მასთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს. ჩვენ რამდენიმე ორგანიზაციასთან  ერთად,  „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის დამფუძნებლები“ ვართ,  რომელშიც მან  საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.  შევიძინეთ შენობა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა ადგილობრივი ფონდების მხარდაჭერით.   ამ პროცესებში,  უჩა ძალიან აქტიურად იყო ჩართული.

უშუალოდ დაზარალებულებთან მის ურთიერთობას და გამოცდილებას რაც შეეხება, ჩემი აზრით,  ის ისეთი ადამიანია, რომელიც დაზარალებულების პრობლემებს გულთან ახლოს მიიტანს. ვფიქრობ, სახალხო დამცველისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თვისებაა.

კვალიფიკაციას რაც შეეხება,  ყველასათვის კარგადაა ცნობილი, თუ რამდენად დიდი ხანია ის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროშია და მიმაჩნია, რომ დიდი კვალიფიკაციაც აქვს. შესაბამისად,  დარწმუნებული ვარ,  აპარატიც ძალიან დიდ მხარდაჭერას გაუწევს, რომელიც მასთან ითანამშრომლებს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

კითხვის პასუხად, სახალხო დამცველის პოსტზე საკმაოდ კონკურენტული გარემო იყო  და რატომ შეჩერდა არჩევანი მაინცდამაინც უჩა ნანუაშვილზე, ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ნანუაშვილი გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას  ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

 „ ის ადამიანის უფლებათა სფეროში 1994 წლიდან მუშაობს. ომბუდსმენის კანდიდატებიდან ყველას  ასეთი ხანგრძლივი გამოცდილება არ ჰქონდა და როგორც ჩანს,  მისი პიროვნული თვისებებიც აღმოჩნდა გადამწყვეტი“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე 5 წლიანი ვადით უჩა ნანუაშვილი 82 მომხრე ხმით 18-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.