დავით კირვალიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

დავით კირვალიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარკ გრიფტს შეხვდა. მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრაზე დარგის განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა სოფლის მეურნეობის ეფექტური განვითარების მიმართულებით წლების განმავლობაში დააგროვეს" - განაცხადა დავით კირვალიძემ.

ამასთან, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შემჭიდროვებულ ვადებში გადაწყვეტასაც 2013 წლის გაზაფხულამდე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციისა და დასავლეთში დრენაჟის სისტემების მწყობრში მოყვანის აუცილებლობაზე.

“თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენმა წინამორბედებმა საერთოდ გააუქმეს უწყება, რომელიც ამ საკითხებს კურირებდა, არ ვართ მარტივი ამოცანის წინაშე. თუმცა, ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე" - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ და სხვა კონკრეტული პროექტების რეალიზაციას.

გარდა ამისა, სავალუტო ფონდის აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკ გრიფიტი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სოფლის მეურნეობის  მილიარდიანი ფონდით. დავით კირვალიძემ მას ფონდის მუშაობასთან დაკავშირებით ხელისუფლების ხედვა გააცნო და მის ძირითად პრიორეტეტბზე ისაუბრა.

“ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ არ არის მარტივი. ხშირ შემთხვევაში გლეხებს 1 ჰექტარზე ნაკლები მიწა აქვთ და დღეს ისინი პრაქტიკულად შიმშილობის ზღვარზე დგანან.  ჩვენი ამოცანაა, შევქნათ სისტემა, ავამუშავოთ მექანიზმი, რომ ამ ადამიანებმა  საკუთარი შრომით და სახელმწიფოს თანადგომით შეძლონ თავისი შრომით საკუთარი თავის და ოჯახების გამოკვება"- განაცხადა მინისტრმა შეხვედრაზე და დასძინა, რომ სწორედ ასეთი პრობლემების დაძლევას ისახავს მიზნად ფონდის შექმნა.