პარლამენტში არსებულ ვითარებაზე ოფიციალური დასკვნა დაიდო

პარლამენტში არსებულ ვითარებაზე ოფიციალური დასკვნა დაიდო

სამეცნიერო კვლევითი ფირმა - „გამამ”, რომელმაც პარლამენტის შენობაში მიკროკლიმატის მახასიათებლების კვლევის მიზნით - ჰაერის სიჩქარის, ტემპერატურის, ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღო, დასკვნა უკვე დადო.

დასკვნის მიხედვით, შენობაში ჟანგბადის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით ნაკლებია, ხოლო ნახშირორჟანგის შემცველობა მეტი.

ამასთან, ჰაერში ფიქსირდება აქროლადი ორგანული ნივთიერებების არსებობა, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სამშენებლო მასალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხდა.

ამას გარდა,  ხმაურის დონეების მნიშვნელოვანი გადაჭარბება აპარატის შენობის პირველ სართულზე ფიქსირდება.

დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ჰაერი განსაკუთრებით აპარატის შენობას არ მიეწოდება. კერძოდ,  დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენობას არ გააჩნია ბუნებრივი ვინტილაციის საშუალებები (ფანჯარა, ფრამუგი სავენტილაციო შახტა) და სამუშაო ოთახებში ჰაერის მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ სავინტილაციო და კონდენცირების სისტემების მუშაობის დროს. „თუ გავითვალისწინებთ, რომ ოთახებში დასაქმებულია 15-30 ადამიანი (ზოგან მეტიც), ხოლო ჭერის სიმაღლე საშუალოდ 2,4-2,5 მ-ია შეიძლება ითქვას, რომ ჰაერცვლის რეჟიმი არსაკმარისია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ შენობაში არსებული ჰაერის ხარისხის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დოკუმენტში გაკეთებულია ცხრილი და ირკვევა, რომ საანალიზო ნიმუშებში ჟანგბადის რაოდენობა (19.01% - 19.26 %) ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით (20.9476%) დაახლოებით 1.94%-1.69%-ით ნაკლებია, თუმცა, ეს რაოდენობა სახიფათოდ არ არის მიჩნეული. რაც შეეხება ნახშირორჟანგს, მისი შემცველობა ნიმუშებში 0.060%-0.067%-ს შეადგენს.

„არ არის გამორიცხული, რომ  ჰაერის ასეთი კომპოზიცია პარლამენტის მოსამსახურე პერსონალის ფიზიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენდეს. აკადემიკოს ი. რუბენსკის და მისი კოლეგების მონაცემებით, როცა შენობაში ნახშირორჟანგის მოცულობითი კონცენტრაცია შეადგენს ჰაერის 0.07%-ს მოსამსახურე პერსონალს არასასიამოვნო შეგრძნებები - დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, აღგზნებადობა და ა.შ უჩნდება. ამავე დროს, ადამიანის ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობაზე. 17%-მდე მისი შემცირება იწვევს პულსისა და სუნთქვის სიხშირის ზრდას. 11-13% კონცენტრაციისას აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის მკვეთრ შემცირებას, ხოლო ჰაერში 7-8% ჟანგბადის შემცველობა შეუთავსებელია სიცოცხლესთან“, - განმარტებულია დასკვნაში.

რაც შეეხება შენობის პერიმეტრზე არსებულ რადიაციულ ფონს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ შენობის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, კორპუსების ყველა სართულსა და სარდაფებში გამოკვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ შენობის რადიაცლული ფონი  ქუთაისისა და მისი შემოგარენისათვის დამახასიათებელი ფონის (5-12მკრ/სთ) ფარგლებშია და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობისვის არავითარ საფრთეს არ წარმოადგენს.