თამარ ჩუგოშვილი:  აუცილებელია  შეიქმნას კომისიაც, რომელიც პატიმრების საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავს

თამარ ჩუგოშვილი: აუცილებელია შეიქმნას კომისიაც, რომელიც პატიმრების საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ  ასეთი  ფართომასშტაბიანი აქტის გამოცემა მართებულია.

ჩუგოშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამნისტიის აქტით ბევრ ადამიანს შეუმსუბუქდება სასჯელი, ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შესაძლებლობა მიეცემა, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ასევე, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც იმ პატიმრების საქმეებს, ვისაც ამნისტია არ შეეხება, ინდივიდუალურად განიხილავს.

„თავდაპირველად, კანონპროექტთან დაკავშირებით,  რამდენიმე შენიშვნა გვქონდა,  მაგრამ ყველაფერი გათვალისწინებულია.  გათვალისწინებულია არა მხოლოდ ჩვენი არამედ,  სამინისტროების შენიშვნებიც.  ვფიქრობ,  საერთო ჯამში,  ასეთი მასშტაბური აქტის გამოცემა მართებულია, თუმცა ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს.  ჩვენ ზოგადად,   ინდივიდუალური საქმეების გადასინჯვის პრაქტიკას ვემხრობით და  ამის აუცილებლობას ვხედავთ.  ამნისტიით შეიძლება ვიღაცები გამოვიდნენ,  მაგრამ ნაწილი ადამიანებისა, რომელთა მიმართ, უკანონო მსჯავრი იყო, შესაძლოა  საპყრობილეებში დარჩნენ. ვფიქრობ,  მათაც უნდა ჰქონდეს  უფლება,  მათი საქმეები გადაიხედოს,  ამიტომ ამნისტია ერთი  მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ამის მიღმა ხელისუფლებას და პარლამენტს  სერიოზული გადაწყვეტილებები აქვს  მისაღები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით,  ინგლისში  და სხვადასხვა ქვეყნებში  სპეციალური კომისიები მოქმედებს, რომლებიც  ასეთ  საქმეებს სწავლობს.

„არსებობს დამოუკიდებელი კომისიები და ადამიანები,  რომლებიც თვლიდნენ,  რომ მათ მიმართ, უკანონო განაჩენი დადგა ან  სერიოზული დარღვევები იყო, ამ კომისიებს მიმართავენ. კომისიას კი, აქვს  მანდატი,  რომ  ეს საქმეები შეისწავლოს და თუკი, დარღვევას დაადგენს,  შეუძლია სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვისთვის მიმართოს. ვფიქრობთ,  ეს არის აუცილებელი ჩვენს შემთხვევაშიც, რადგან  სისხლის სამართლის საქმეებზე ვიცით რა ხდებოდა.  ეს სფერო  უმძიმესი იყო და   ყველაფერი  სერიოზული დარღვევევით მიმდინარეობდა,  ამიტომ  ჩემი აზრით,  ბევრ ადამიანს პასუხისმგებლობა კანონდარღვევით აქვს დაკისრებული და ამ ადამიანებს უფლება აქვთ,  მათი საქმე გადაიხედოს და მათი რეაბილიტაცია მოხდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.