დავით კირვალიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

დავით კირვალიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ და პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება საგაზაფხულო სამუშაოების მომზადების საკითხებს დაეთმო. ასევე, განიხილეს კოოპერაციის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები. ისაუბრეს კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიმდინარეობის შესახებ.

„ჩვენ მზად ვართ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე დავიწყოთ მუშაობა, რათა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და ბაზარი მაქსიმალურად განვითარდეს. კომიტეტი იმუშავებს ევროკავშირთან საკანონმდებლო ბაზის საქართველოს კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით" - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

დავით კირვალიძის თქმით, მთელი რიგი მიმართულებებით საჭიროა რეფორმირება და ამას შესამაბამისი საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ასეთ თანამშრომლობას აგრარულ კომიტეტთან და მათ როლს ახალი პროექტების განხორციელებაში"- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია და საგარეჯოსა და თელავის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები თინათინ ხიდაშელი და გელა სამხარული.