თავდაცვის სამინისტრო იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ საუბრობს და პროკურატურას მიმართავს

თავდაცვის სამინისტრო იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ საუბრობს და პროკურატურას მიმართავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს, გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე  იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მრჩევლის, ვაკო ავალიანის განცხადებით, სამსახურეობრივი შემოწმების დროს, აღმოჩენილ იქნა 47 ტიპის მოძველებული,  მეორედი, შეღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში, კუსტარულად შეკეთებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ავალიანის თქმით, დოკუმენტების თანახმად, ერთ ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო რეალურად კი, საბაზრო ღირებულება  50 ევროს ფარგლებში  მერყეობს.

შესაბამისად, მისი თქმით,  რადგან სახეზეა აშკარა დანაშაულის ნიშნები, ეს საქმე საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნება.

თემაზე დეტალურად ისაუბრა,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა.

მისი განცხადებით, შესყიდული იარაღის საერთო რაოდენობა რამდნეიმე ათეული ათასი ცალია და  მასში საერთო ჯამში,  12 მილიონამდე ევროს ექვივალენტი ლარებშია გადახდილი.

„რაც შეეხება,  თვითონ იარაღების ვიზუალურ მხარეს,  ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პირველივე შეხედვით ჩანს,  რომ ეს  ხმარებაში ნამყოფი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებია.  შესაბამისად, რადგან ეს უკვე სცდება გენერალური ინსპექციის კომპეტენციას და საქმე  აშკარა დანაშაულის ნიშნებთან გვაქვს, მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურაში იგზავნება, სადაც შესაბამისი ძიების შემდეგ, იქნება სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა

გენერალური ინსპექციის უფროსი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს იმ კომპანიას, რომლისგანაც იქნა შეძენილი ეს იარაღი. მისი თქმით, ეს არის პანამის ოფშორში რეგიტრსირებული კომპანია და თანხაც მის ანგარიშზეა გადარიცხული.

მისივე თქმით, საეჭვო შესყიდვებში სხვა საბრძოლო ტექნიკაც ფიგურირებს, რომელსაც ასევე სწავლობს გენერალური ინსპექცია.