შალვა ხაჭაპურიძე სს „თბილსრესის“ გასხვისების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართავს

შალვა ხაჭაპურიძე სს „თბილსრესის“ გასხვისების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართავს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სს „თბილსრესის“ გასხვისების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურორს მიმართავს.

როგორც მან დღეს for.ge-ს პრეს-ლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  „თბილსრესი“ ანუ ე.წ. გარდაბნის ჰესი ელექტროენერგიით თბილისს ამარაგებს, ხოლო თავის დროზე, იგი ხელოვნურად გააკოტრეს.

„საქართველოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის შაქარაშვილის 2009 წლის 4 ნოემბრის წერილების საფუძველზე დაიწყო „თბილისრესის“ გაკოტრების საქმე, რომელიც გადაეცა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, რომელის  გაკოტრების საქმის მმართველად დაინიშნა ჩაჩხიანი და კანონის შესაბამისად ქონება გავიდა აუქციონზე. პირველ აუქციონზე ერთ ლოტად გამოიტანეს „თბილსრესის“ქონება, რომლის საწყისი ფასი შეადგენდა 321 მლნ 753 ათას 828 დოლარს. აუქციონში არავინ მიიღო მონაწილეობა. შესაბიმასდ, დაინიშნა მეორე აუქციონი და ფასი ჩამოვიდა 165 მლნ-მდე. აქაც არავინ მიიღო მონაწილეობა. შემდგომში, უკვე გარდაბნის რაონულ სასამართლოს მიეწოდა ფინანსთა მინისტრისა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის წერილი, რომელთაც გაუგებარი მოტივით, ეს ქონება შეაფასეს 7 მლნ დოლარად“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამის შედე, აუქციონში ჩაერთო დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი ჰოლდიგნგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და მისი შვილობილი კომპანია , რომელთაც აღნიშნული ჰესი 7 მლნ დოლარად შეიძინეს.

„ხელშეკრულებაში ჩაიდო რამდენიმე პირობა. მათ შორის ის, რომ „თბილსრესის“ ტერიტორიაზე 100 – 150 მეგავატის ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის აშენება უნდა მომხდარიყო 2013 წლის 31 დეკემბრამდე და გაშვებულიყო ექსპლუატაციაში. თუმცა იქ დღემდე არანაირი მშენებლობა არ დაწყებულა და თეორიულადაც კი შეუძლებელია 1 წელიწადში იქ რამე აშენდეს. ამასთან, როდესაც გაიყიდა „თბილსრესი“, 3 თვეში კანონში მოხდა ცვლილება და მიუხედავად იმისა, რომ იგი გაჩერებულია, მაინც იღებს თვეში 800 ათას ლარამდე შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებული იყო 260 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის უპირობოდ მიწოდებისა, კანონში საეჭვოდ იქნა შეტანილი ცვლილება, რომელმაც მყიდველს, კერძო კომპანიას საშუალება მისცა თვეში მიეღო 800 ათასი ლარი მის მის მიერ ენერგიის არგამომუშავების დროს“-  აღნიშნა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ თუ ეს პირობა თავიდანვე ცნობილი იქნებოდა, აუქციონზე უფრო მეტი მყიდველი დაინტერესდებოდა.

ამასთან, ადვოკატის განცხადებით, კორპორაცია „თბილსრესი“ ელექტროენერგიის გამომუშავების დროს შემოსავალს იღებს სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფის შესაბამისად და დანაშაულებრივი სქემით, ხელოვნურად იზრდება ტარიფი.

მისივე თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი დანაშაულებრივი სქემა მოქმედებს სხვა ჰესებშიც და ხელოვნურად ხდება ტარიფების გაზრდა, აღნიშნული ქმედებით კი ხელოვნურად ხდება მოსახლეობიდან ზედმეტი თანხების ამოღება და მითვისება კომპანიების მიერ.

„აქედან გამომდინარე, ვითხოვთ გაირკვეს, აუქციონზე რატომ არ გამოჩნდა ქონების შეძენით დაინტერესებული სხვა კომპანია, ხომ არ მოხდა პროცესის ხელოვნური მართვა სახელმწიფო ქონების იაფად ხელში ჩაგდების მიზნით, ერთი ჰოლდინგის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ“, დასადგენია, რამ განაპირობა ფინანსთა სამინისტროს მიერ საწარმოს ქონების ფასის განსაზღვრა 7 მლნ დოლარად, მაშინ როდესაც მხოლოდ მის საწყობში იყო 11 მლნ დოლარის ღირებულის ლითონის ჯართი, რომ არაფერი ვთქვათ „თბილსრესზე“ რიცხულ სხვა მილიონობით დოლარის ქონებაზე, რაც დღეს აღარ არსებობს. ასევე გასარკვევია ტარიფების ხელოვნურად გაზრდის საკითხი“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.