საია მედიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებებზე არჩილ კბილაშვილს 38 საქმეს  უგზავნის

საია მედიის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებებზე არჩილ კბილაშვილს 38 საქმეს უგზავნის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ,  განხორციელებული უკანონო ქმედებების თაობაზე, მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მასალებს უგზავნის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის,  თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით,  მთავარ პროკურორს სულ 38 საქმე გადაეგზავნება და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში,  საქართველოში მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, განხორციელებული მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა.

„ხშირ შემთხვევაში,  ჟურნალისტებს არ ჰქონდათ თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა. არ იყო დაცული მათი კუთვნილი აპარატურა და პირადი ხელშეუხებლობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მიერ არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. თითოეულ საქმესთან დაკავშირებით საია პერიოდულად აქვეყნებდა ოფიციალურ განცხადებებს,  მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში გამოძიება სწრაფად და ეფექტურად არ წარმართულა. საქმეების უმრავლესობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. რამდენიმე მათგანზე გამოძიება არ დაწყებულა“, - განაცხადა  ჩუგოშვილმა.

საია მიიჩნევს, რომ  ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ფაქტის ყურადღების მიღმა დატოვებით,  მნიშვნელოვნად ილახება მედიის წარმომადგენლების უფლება, უარესდება მათი სამუშაო პირობები, ვერ ხორციელდება გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა ქვეყანაში.

საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის თქმით კი, აღნიშნული საქმეები მთავარ პროკურორს დღის განმავლობაში გადაეგზავნება.

პროკურატურისთვის მიერ გადაგზავნილ მასალებს შორის არის სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტები, 26 მაისის მოვლენებისას ჟურნალისტების უფლებების დარღვევები, ფოტორეპორტიორების საქმე და სხვა.