დავით ზურაბიშვილი: ვფიქრობთ,  მანდატურების ყოფნა სკოლაში, სკოლის გადასაწყვეტი  იყოს

დავით ზურაბიშვილი: ვფიქრობთ, მანდატურების ყოფნა სკოლაში, სკოლის გადასაწყვეტი იყოს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო მანდატურის ინსტიტუტის შენარჩუნებას იმ სკოლებში, სადაც ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებდა შეეცდება, თუმცა აღნიშნავს, რომ მანდატურების ყოფნა სკოლაში,  სკოლის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

ამის შესახებ, დავით ზურაბიშვილმა დღეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში ისაუბრა.

ზურაბიშვილის განცხადებით, მანდატურები სკოლებში წესრიგის დასაცავად იმყოფებიან და ისინი  უშუალოდ, სასწავლო პროცესში არ უნდა ჩაერიონ.

მისივე თქმით, ის ფუნქციები,  რასაც  სასწავლო პროცესში ჩარევა ჰქვია, მანდატურებს ჩამოსცილდებათ.

„ჩვენ,  მივანიშნებთ, რომ მანდატურები დამსჯელები არ არიან. ისინი სკოლებში არიან წესრიგის დასაცავად,მაგრამ გარკვეული უფლებამოსილების ფარგლებში.  ეს მაინც,  საგანმანათლებლო დაწესებულებაა,  სადაც მასწავლებელია მთავარი. დარწმუნებული ვარ,  ბევრი მშობელი მხარს დაუჭერს, სკოლებში  წესრიგის შენარჩუნებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ  მათ ბატონი შაშკინის მინისტრობის დროს, მანდატურებს მეტი უფლებები მიეცათ. სწავლის პროცესშიც კი,  ჩართულნი იყვნენ. ამიტომ ცხადია,  ეს ფუნქციები,  რასაც  სასწავლო პროცესში ჩარევა ჰქვია, მანდატურებს ჩამოსცილდებათ.  ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო, სკოლებში  სიტუაცია აირევა, გარწმუნებთ, არსად არაფერი იარევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ „სახელმწიფო და ხელისუფლება იმისთვის ვართ,  რომ ასეთი  სიტუაციები დავარეგულიროთ და ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჩავაყენოთ“.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სკოლამ  თავისუფალი, დამოუკიდებელი მოქალაქეები უნდა აღზარდოს და აღნიშნავს, რომ თუ  ადამიანს თავიდანვე დაჩაგრავ და დააშინებ ის, ღირსეული მოქალაქე ვერ გაიზრდება.