დათა ახალაიას და  კუდის სხვა მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული პატიმრობა ვერ გასაჩივრდება

დათა ახალაიას და კუდის სხვა მაღალჩინოსნებისთვის შეფარდებული პატიმრობა ვერ გასაჩივრდება

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის დათა ახალაიასა და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ვერ გასაჩივრდება.

დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით,  მათ ამის ბერკეტი არ გააჩნიათ.

„იმისთვის, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრდეს, დათა ახალაიას ხელმოწერაა საჭირო. იგი საქართველოში არ იმყოფება და შესაბამისად, გასაჩივრებისთვის ბერკეტი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ახალაიას, სოსო თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიას აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

საქმე ეხება მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტს.

აღნიშნული დანაშაულისთვის დათა ახალაიას ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტება) წარედგინა.

იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი სსკ-ის 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება) წაუყენეს.