ზაზა ხატიაშვილი აკაკი მინაშვილს საგანგებო წერილით მიმართავს

ზაზა ხატიაშვილი აკაკი მინაშვილს საგანგებო წერილით მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილს საგანგებო წერილით მიმართავს.

„ბატონო  აკუ, დღეს, ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის მამას კრძალავენ,  რომლის გულმა  ვერ გაუძლო  შვილის უკანონო პატიმრობას და 5 დღის წინ გარდაიცვალა.

გუშინ, თქვენმა გამონათქვამმა, რომ ტარიელ მურმანიშვილი არის თაღლითი, შეურაცხყო მთელი ადვოკატთა კორპუსი. მე მიმაჩნია,  რომ თქვენს გამონათქვამებს არანაირი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ ათეულობით ადვოკატმა დამირეკა და მთხოვა, რეაგირება მომეხდინა თქვენს გამონათქვამთან დაკავშირებით, გადავწყვიტე დაგაფასოთ და გაგცეთ პასუხი.

ბატონო აკუ, მინდა, გითხრათ, რომ ტარიელ მურმანიშვილის  დაკავება და პატიმრობა  ყველაზე  გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს, როგორც ამაზრზენი და ადვოკატთა კორპუსის დევნის დამადასტურებელი ფაქტი. ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამერბერგმა თავის დასკვნაში დაადასტურა საქართველოში ადვოკატთა კორპუსის  ინსტიტუციონალური დევნა. ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ აღიარა, რომ საქართველოში ადვოკატობა არის რისკის სფერო და ადვოკატები ახორციელებენ საადვოკატო პრაქტიკას შიშის ქვეშ, რაც მთლიანად თქვენი და თქვენი თანაპარტიელების დამსახურებაა. ევროპის ადვოკატთა  ასოციაციების და სამართლის საბჭომ იმსჯელა ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და მას მისცა უმკაცრესი შეფასება. თქვენ და თქვენი თანაპარტიელები ხშირად ახსენებთ რუსეთს, ამიტომ მინდა, გითხრათ, რომ სამოცდაათწლიანი ისტორიის მანძილზე საბჭოთა იმპერიამ გაასამართლა 70 ადვოკატი, ხოლო თქვენმა რეჟიმმა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში გაასამართლა 147 ადვოკატი. ის, რაც ვერ გააკეთა ლენინმა, ეჟოვმა, იაგოდამ, ხრუშჩოვმა, ჩერნენკომ, ბრეჟნევმა, ანდროპოვმა და თქვენმა სხვა სულიერმა ლიდერებმა, შვიდი წლის მანძილზე  შეძელით თქვენ. ეს ისეთი მიღწევაა, რომ ვლადიმერ ლენინი იამაყებდა თქვენი მიღწევებით.

ბატონო აკუ, მინდა, გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ  თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს და არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს ტარილ  მურმანიშვილთან დაკავშირებით. ვინაიდან, იმ ფაშისტურმა პროკურატურამ (რომლის ერთ-ერთმა მთავარმა დამნაშავემ დავით საყვარელიძემ პარლამენტს შეაფარა თავი), რომელიც  იყო სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი, ტარილ მურმანიშვილს თავდაპირველად ბრალი წაუყენა  თაღლითობის მუხლით (რაც  თქვენი პროკურატურის ყოფილმა  ვარსკვლავმა ნათია მოგელაძემ გააკეთა, რომელიც  შემდგომ დააწინაურეს), მაგრამ ადეიშვილის  პროკურატურაც კი  მიხვდა, რომ ადვოკატს იმის გამო, რომ პროცესი მოიგო, თაღლითობას ვერ დაუდასტურებდა და ბრალი შეუცვალა თაღლითობის მცდელობის მუხლით, ეტყობა ადეიშვილმა ეს თქვენთან და თქვენს თანაპარტიელებთან არ შეათანხმა და ამიტომ  ვერ გათვალეთ  თქვენი გამოსვლის ტექსტი. 

ბატონო აკუ, თქვენ და ნაცმო ასეთ შეცდომებს ადრე არ უშვებდით, ეტყობა ძალიან ნერვიულობთ, რომ მთელი მსოფლიო შეიტყობს თქვენს საგმირო საქმეებს. ამდენი პოლიტპატიმარი დემოკრატიის შუქურას სახელმწიფოში მეტისმეტია, რაც იმას მოასწავებს, რომ როგორც ჩვენი დიდი  მწერალი თამაზ წივწივაძე იტყოდა, აკუების და გაკუების ქვეყანა მალე წარსულის საკუთრება გახდება” - ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.