ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

მისი ადვოკატის ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა და ბოლო სამი პროცესი იმ მოტივით გადაიდო, რომ ბრალდების მხარემ მოწმეები ვერ წარადგინა.

„სამი სხდომა გადაიდო იმ მიზეზით, რომ ბრალდების მხარეს მოწმეები არ ჰყავდა. დღეს იმედი გვაქვს, რომ მოწმეებს წარმოადგენენ. ბოლო სხდომაზე სასამართლო გაღიზიანდა, რომ ბრალდებამ მოწმეები არ წარმოადგინა და ბოლო შანსი მისცა ამიათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა“ - აღნიშნა ნინო ანდრიაშვილმა.

ლოპოტას ხეობაში, საქართველო – დაღესტნის საზღვარზე, საქართველოს შსს–მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს–ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს.

ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს ჩაბარდა, ის ფეხში იყო დაჭრილი და დაკავების შემდეგ მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთეს. ჩატაევს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და თავს დამნაშავედ არ სცნობს.