დავით ბეგიაშვილი: ჩემი დღევანდელი გამარჯვება - საზოგადოების გამარჯვებაა

დავით ბეგიაშვილი: ჩემი დღევანდელი გამარჯვება - საზოგადოების გამარჯვებაა

ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის განცხადებით, მისი დღევანდელი გამარჯვება საზოგადოების გამარჯვებაა.

„ჩემი დღევანდელი გამარჯვება - საზოგადოების გამარჯვებაა. პირველ რიგში, იმ ადამიანებისა, რომელმაც თავის დროზე ხმა აიმაღლეს, არ შეურიგდნენ ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას და გააკეთეს სწორი არჩევანი. ვიტოვებ იმედს, რომ ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ამ პათოსს და ასევე მალე განიხილავს წინა ხელისუფლებისაგან დაზარალებულ და რეპრესირებული მოქალაქეების სხვა საქმეებსაც და მათაც მალე მივულოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას"- აცხადებს ბიზნესმენი და ხელისუფლებას ყოფილი მაღალჩინოსნების მხილებისას უფრო გაბედული  და ეფექტური ქმედებებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, ბეგიაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა ფაქტი ოპერატიულად უნდა გამოიძიონ. 

„დანაშაულებრივი საქმიანობის გამოაშკარავებისას გარწმუნებთ, რომ ჩვენ ქვეყანაში სამართლიანობის აღგდენისას აღარ მოგვიწევს თავის მართლება არც ქართულ, არც საერთაშორისო საზოგადოებასთან. მით უმეტეს, რომ საქართველოში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირებისა და დამნაშავეთა გამოვლენისათვის ხელისუფლებას ამას წინათ ჯერ გაერო-ს, შემდგომ კი ევროსაბჭოს ადამიანების უფლებების დამცველმა კომისრებმაც მიმართეს. ქვეყნაში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების აუცილებლობის შესახებ ასევე  ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა" - ნათქვამია ბიზნესმენის წერილში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დავით ბეგიაშვილს ბრალი მოეხსნა. მის მიმართ ძებნა გაუქმდა, კუთვნილ ქონებას კი ყადაღა მოეხსნა.

შვეიცარიაში დევნილობაში მყოფ ბიზნესმენს ბრალი სსკ-ის 180 მუხლის 2 და 3 ნაწილით ედებოდა.