სააკაშვილი: იმედი მაქვს, გაუგებრობა მალე დასრულდება და გენერალი კალანდაძე ძველ საქმიანობას დაუბრუნდება

სააკაშვილი: იმედი მაქვს, გაუგებრობა მალე დასრულდება და გენერალი კალანდაძე ძველ საქმიანობას დაუბრუნდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდება.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის წარდგენისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გიორგი კალანდაძეს ძალიან დიდ პატივს სცემს.

„თქვენ იცით, რომ პრობლემები შეიქმნა გენშტაბის წინა უფროსთან, გენერალ კალანდაძესთან დაკავშირებით, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ ეს გაუგებრობა მალე უნდა დასრულდეს და დასრულდება და ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, დაუბრუნდება ძველ საქმიანობას, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს უფლება ავყვეთ ემოციებს"- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა გაერთიანებული შტატების ახალი უფროსის ირაკლი ძნელაძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს სამხედრო სფეროში.

„ირაკლი ძნელაძე ძალიან გამოცდილია და ყველა თქვენგანი კარგად იცნობს. მას ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული. მას ძალიან ბევრი აქვს ნამუშევარი კონკრეტულ სამხედრო მიმართულებებზე. ვფიქრობთ, გენშტაბში სოლიდური საქმიანობის გასაგრძელებლად სოლიდური ვარიანტია ირაკლი ძნელაძე. სერიოზული ფიქრის შემდეგ მე გადავწყვიტე, რომ ის წარმოგვედგინა აღნიშნულ პოსტზე. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ და გითხრათ, რომ ახლა ძალიან რთული პერიოდია და ძალიან რთული ფუნქცია გეკისრებათ, მინდა გისურვოთ წარმატება თქვენ ბატონო ირაკლი, თითოეულ თქვენგანს და ბატონ მინისტრს" - აღნიშნა სააკაშვილმა.