შეიარაღებული ძალები დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება ან თუნდაც, უსამართლოდ შექმნილი იურიდიული პრობლემები - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის, ირაკლი ძნელაძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად სხვადასხვა პრობლემებისა, შეიარაღებული ძალების განვითარება არ შეჩერდება.
„შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა და დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება ან თუნდაც უსამართლოდ შექმნილი იურიდიული პრობლემები. ჩვენ ვერ გავაჩერებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას. თავდაცვის მინისტრთან ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული აზრთა გაცვლა ამ საკითხზე. თავდაცვის სამინისტროს ზუსტად იგივე შეხედულება აქვს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა ნატო-ს მიმართულებით" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოს თავისუფლება, შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობის გამო გადარჩა და ხალხს მომავალშიც უნდა ჰქონდეს შეიარაღებული ძალების იმედი.
„დარწმუნებული ვარ, ეს კურსი გაგრძელდება. ვფიქრობ, თუკი რაიმე სირთულე შეიქმნა ბოლო ხანებში, თუნდაც ნატო-სთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გადავლახოთ. ერთობლივი მუშაობით უნდა შევძლოთ ამ კურსის გაგრძელება. 2014 წელს ჩიკაგოში მორიგი, უფრო სწორად, ახალი გაფართოების სამიტი გაიმართება - ეს წელს, ჩიკაგოში გადაწყდა და იმედია, რომ ამ დროისთვის საქართველო კარგ ფორმაში იქნება საიმისოდ, რომ ნატო-ს გაფართოების შემდგომ ჯგუფში მოხვდეს. თუმცა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ეს, უპირველესად, სამხედრო რეფორმის შემდგომი გაგრძელების თემაა. ამიტომ, როგორც გენშტაბის უფროსს და თითოეულ თქვენგანს, ისე თავდაცვის მინისტრს ამ მიმართულებით მინდა წარმატებები ვუსურვო. როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში, როდესაც ხალხის მოწოდებაა კურსის გაგრძელება ნატო-სკენ და ქვეყნის დაცვისკენ - ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ხელშეუხებელი და წმიდათა წმინდაა, შეიარაღებული ძალები პოლიტიკის მიღმა უნდა რჩებოდეს და მუდმივად უნდა ადგეს უწყვეტი განვითარების გზას. ასეთი იყო ჩემი კურსი ყოველთვის, პირველივე დღიდან და ლოგიკურად, ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.