შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი, ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ნუკრი აბალაკი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე დააკავა.
როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აბალაკმა, მისი, როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
„კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა ნუკრი აბალაკმა, 2007 წლის 24 მაისს ("სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ") კანონის დარღვევით საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად, ხაშურის რაიონის სოფელ ბებნისში მდებარე 18.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა თ.ძ_ს. რითაც მას მიანიჭა უპირატესობა, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა" - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, აბალაკმა ასევე - 2008 წლის 30 სექტემბერს კვლავ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სოფელ ხელთუბანში მდებარე 7.3 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პირად საკუთრებაში გადასცა - "სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის" ყოფილ დირექტორს ლ. გ.-ს. აღნიშნული სადგურს თავის დროზე მიწა იჯარით ჰქონდა აღებული სახელმწიფოსაგან, მაგრამ მიწის პირდაპირი წესით მიყიდვისას სადგური აღარ არსებიბდა, ლიკვიდირებული იყო.
„ლიკვიდირებული მოიჯარე სახელმწიფო დაწესებულების - „სელექციური მიღწევებისა და ჯიშთა გამოცდის სადგურის" ყოფილ დირექტორ ლ. გ.-ზე, პირად საკუთრებაში მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემით, აბალაკმა ლ. გ.-ს მიანიჭა უპირატესობა, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი" - აცხადებენ პროკურატურაში და აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.