ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკის გაგრძელების აუცილებლობას, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებით და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქართველი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან. ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები. ამასთან, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირთან და ნატოს-თან ინტეგრაციის თემებზე, აღინიშნა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტუქტურებთან დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგები“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.