ბრიუსელში ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სხდომაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე იმსჯელეს.
„ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ საკითხები ავღანეთთან დაკავშირებით და ასევე გულახდილად ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელთა მიმართაც ნატო-სა და რუსეთს შორის კვლავ უთანხმოება არსებობს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ჩათვლით. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანამ წინსვლა ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, შეიარაღებული ძალების ფორმირების და საერთო უსაფრთხოების დაცვაში წვლილის შეტანის გზით“, - განაცხადა კლინტონმა.