შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჩოხატაურის საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღდგენილია, ხოლო რვა პაციენტს გეგმურ მომსახურებას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციების დეპარტამენტის ერთი ბრიგადა უწევს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სერგენკო ჩოხატაურში ექიმების გაფიცვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვალ იქ არსებული სიტუაციის შესასწავლად ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩავა.
ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს მოუწოდებს, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას ნუ შეწყვეტენ.
„მინდა მივმართო საავადმყოფოს მმართველებს და ჩემს კოლეგებს, მე კარგად მესმის თქვენი და მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ მიიღოთ ღირსეული ანაზღაურება ღირსეული შრომისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ ჩვენი ვალდებულება და ფიცი. ნუ შეწყვეტთ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას“ - მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა მედპერსონალს.
სერგენკომ ასევე მოუწოდა ჩოხატაურის საავადმყოფოს მმართველ კომპანია „ადითს", შეასრულოს ვალდებულებები და უზრუნველყოს უწყვეტი სამედიცინო სერვისების მიწოდება.
მისი თქმით, ბოლო დროს გახშირებული ექიმების პროტესტის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ახალ მმართველებს საინვესტიციო ვალდებულებების გამო დიდი დანახარჯები აქვთ და აღარ რჩებათ თანხები, რათა რეალური ხელფასები გასცენ.