სოზარ სუბარი: ამნისტია დაახლოებით 3500 ადამიანს შეეხება და 3500- მდე ადამიანი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაექვემდებარება

სოზარ სუბარი: ამნისტია დაახლოებით 3500 ადამიანს შეეხება და 3500- მდე ადამიანი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაექვემდებარება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, მთავრობის იმ უწყებებმა, რომლებსაც შეხება აქვთ დანაშაულის პრევენციასთან,  რეკომენდაციები ერთობლივად შეიმუშავეს და მათი რეკომენდაციების დიდი ნაწილი კანონპროექტში გათვალისწინებულია.

აღნიშნულის შესახებ, სოზრა სუბარმა დღეს, for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

სუბარის განცხადებით, დღეის მონაცემებით,  დაახლოებით, 3500 ადამიანს შეეხება ამნისტია და აღნიშნავს, რომ ეს ძირითადად ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენთ ეხება.

მისივე თქმით,  ნაკლებად მძიმე დანაშაულშიც, ის მუხლები, რომლებიც განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საფრთხეს ქმნის, კონკრეტულად კი,  ქურდობის მეორე და მესამე ნაწილები  ამოღებულია.

„შეიძლება, ვიღაც არ მიიჩნევს, რომ  ქურდობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არაა, მაგრამ როდესაც საუბარია,  რამდენიმე ასეულ ადამიანზე, რომლებიც შეიძლება საპყრობილიდან გამოვიდნენ  და არსებობს საფრთხე,  რომ ისინი ამ დანაშაულს კვლავ ჩაიდენენ, აქედან გამომდინარე, ამ დანაშაულთან დაკავშირებით,  უფრო მეტი თავშეკავების გადაწყვეტილება მივიღეთ. ამიტომ ის მუხლები, რომლებიც განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საფრთხეს ქმნის, კონკრეტულად კი,  ქურდობის მეორე და მესამე ნაწილები  ამოღებულია. პირველი ნაწილი, რომელიც არის ერთჯერადი, ნაკლებად მძიმე,  არა ჯგუფური და  არა განმეორებითი მათ ამნისტია შეეხებათ“, - განაცხადა სუბარმა.

მინისტრის თქმით,  მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის გამო, ძალიან არაბუნებრივად მაღალი სასჯელები იყო დაწესებული. შესაბამისად, პარლამენტი მსჯელობს, ყველა პატიმარს  გარკვეული რაოდენობა დაახლოებით, ¼. ჩამოაკლოს.

მისივე თქმით,  დაახლოებით 3500- მდე ადამიანი პირდაპირ დაექვემდებარება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას.

„პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ავტომატურად თავისუფლდება.მხედველობაში  იქნება  ყოველ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით,  რამდენად უქმნის საფრთხეს ამ ადამიანის გათავისუფლება საზოგადოებას და რამდენად ემორჩილებოდა ის რეჟიმს. ადამიანი, რომელიც რეჟიმს არ ემორჩილება და წესრიგს უქმნის საფრთხეს, თუნდაც ციხეში,  ეს ყველაფერი საკითხის განხილვის დროს, მხედველობაში იქნება მიღებული“,- განაცხადა სუბარმა.

მინისტრმა პატიმრებს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წესის დაქვემდებარებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ეს წესები  ბევრად უფრო ლიბერალურია ვიდრე, ორი თვის წინ იყო.