ირაკლი ალადაშვილი: ირაკლი ძნელაძე წარმატებული და მცოდნე ოფიცერი იყო

ირაკლი ალადაშვილი: ირაკლი ძნელაძე წარმატებული და მცოდნე ოფიცერი იყო

ექსპეტი სამხედრო  საკითხებში ირაკლი ალადაშვილი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი ძნელაძის დანიშვნის შეფასებისას, აცხადებს, რომ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის, კომპრომისული ვარიანტი გამოიძებნა.

რაც შეეხება, ირაკლი ძნელაძის პროფესიონალიზმს, ალადაშვილის გაცხადებით, მან და ძნელაძემ თავდაცვის უწყებაში სამსახური დაახლოებით, ერთი და იგივე პერიოდში დაიწყეს და აღნიშნავს, რომ ძნელაძე წარმატებული და მცოდნე ოფიცერი იყო.

„ვფიქრობ, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის დამტკიცება პრეზიდენტმა არ განახორციელა, თავისი სპეციალური მოსაზრებიდან გამომდინარე.  შეიძლება იმიტომ, რომ ის თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ იყო წარდგენილი.  შემდგომში კომპრომისული ვარიანტი გამოიძებნა  და ორივე მხარე პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეზე შეჩერდა“, - განაცხადა ალადაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანდიდატურა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

ალასანიას განცხადებით,  შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები უფრო სწრაფად განხორციელდება.

პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში. მანამდე სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.