ეროვნული ბანკი სადაზღვევო სფეროს ვეღარ გააკონტროლებს

ეროვნული ბანკი სადაზღვევო სფეროს ვეღარ გააკონტროლებს

სადაზღვევო ორგანიზაციებისა და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები უქმდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა მოამზადა. ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ და „დაზღვევის შესახებ“ კანონებში შედის.

„დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს.

ამასთან, პროექტით, ახლებურად რეგულირდება მზღვეველის მართვასა და მისი საქმიანობის განხორციელებასთან, ასევე სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარის გამოყოფას იწვევს.

ცვლილებების ავტორის განმარტებით, კანონპროექტის მომზადების მიზანია სახელმწიფო დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა უზრუნველყოს სადაზღვევო სექტორის დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და გამჭირვალეობა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სადაზღვევო ინდუსტრიის ეკონომიკურ ზრდას. ასევე განახორციელოს სადაზღვევო ბაზრის მონაწილეების ინტერესების დაცვა.

პარლამენტში ცვლილებების ინიცირება გუშინ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ დაზღვევის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქციას 1997 წლიდან 2007 წლამდე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც 2007 წლიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა და კონტროლის თავლსაზრისით, მასში საბანკო და ფასიანი ქაღალდების დარგები, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები სადაზღვევო საქმიანობის ნაწილში შექმნა.