სასამართლო დღეს,  კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

სასამართლო დღეს, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის,  დათა ახალაიას და კუდ-ის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.

ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, იგი მოითხოვს, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახეობა არ შეეფარდოს.

სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს დათა ახალაიას,  შსს სამინისტროს კუდ-ის დირექტორის მოადგილეს სოსო თოფურიძეს, ოლეგ მელნიკოვს და გერონტი ალანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის შესაბამისად დაუსწრებლად წარედგინათ.

საქმე ეხება მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს მუშაკთა ცემის ფაქტს.

აღნიშნული დანაშაულისთვის დათა ახალაიას ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტება) წარედგინა.

იოსებ თოფურიძეს,  გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი სსკ-ის 144/1 მუხლის მე-2 ნაწილით (წამება) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტება) წაუყენეს.