პაატა ზაქარეიშვილი პანკისის ხეობის ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი პანკისის ხეობის ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პანკისის ხეობის ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას შეხვდა.

რეინტეგრაციის სამინისტროს  ინფორმაციით, მინისტრი ვიზიტი პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლში შედგა. ზაქარეიშვილმა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში პანკისის ხეობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ხეობის ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის საქმეში აქტიური თანამონაწილეობისა და თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობის ქისტი მოსახლეობა ისტორიულად იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნაწილი საქართველოს სახელმწიფოსი და პირობა მისცა, რომ მათი წვლილი აუცილებლად იქნება დაფასებული ახალი ხელისუფლების მხრიდან.

"მოსახლეობამ თავის მხრივ გამოხატა ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მინისტრის მიმართ და მადლობა გამოთქვა ამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. მოსახლეობამ განსაკუთრებული აქცენტი განათლების სფეროში არსებულ სირთულეებზე გააკეთა, ასევე მწვავედ დააყენეს მათი მშობლიური, ჩეჩნური ენის ასიმილაციის საშიშროების საფრთხე და მოითხოვეს, რომ სკოლებში შემოღებულ იქნას მათი მშობლიური ენის სწავლება, რაც თავის მხრივ იქნება გარანტი მათ ისტორიულ სამშობლოსთან - ჩეჩნეთთან ურთიერთობების აღდგენისა. ასევე, პრობლემები აღმოჩნდა ახალგაზრდების დასაქმების, მათი სხვადასხვა სახის პროექტებსა და პროგრამებში ჩართულობის ამაღლების მხრივ, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების, საზღვრის გადაკვეთისას შექმნილი ხელოვნური შეფერხებების, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენისა და სპორტის სფეროში", - აცხადებენ რეინტეგრაციის სამინისტროში.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, მოსახლეობამ პაატა ზაქარეიშვილს ლაფანყურის სპეცოპერაციის ობიექტურად გამოძიების თხოვნითაც  მიმართა.