ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის რჩევას არ გაითვალისწინებს

ირაკლი ღარიბაშვილი ვანო მერაბიშვილის რჩევას არ გაითვალისწინებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს მოუწოდებს, სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საზოგადოება მიზანმიმართულად შეცდომაში არ შეიყვანოს.

ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მერაბიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალ მინისტრს მოუწოდებდა, რომ ძველი კადრები სამსახურიდან არ გაეთავისუფლებინა.

„მე ვურჩევდი ვანო მერაბიშვილს, რომ მეტი ყურადღება დაეთმო იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა. მის რჩევას არ გავითვალისწინებ, რადგან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით ჩემს უწყებაში სამსახურს არ ტოვებენ და ეს არ არის მართალი. რაც შეეხება საკადრო ცვილებებს, ეს რა თქმა უნდა ხორციელდება და აბსოლუტურად ბუნებრივია. თანამშრომელთა ნაწილმა სამსახური თავისი სურვილით დატოვა, მათ შორის იყო საპატრულო პოლიციის 30 თანამშრომელი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტროში დაახლოებით 300-400 თანამშრომლის გადაადგილება და გაშვება მოხდა. ამასთან, მის უწყებაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები დღემდე მუშაობენ და მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.