ლევან ჩიტაძე: გამორიცხულია, რომელიმე პოლიტპატიმრის საკითხის განხილვა დაიწყოს ცალკე და მასზე  ლეგენდების შეთხზვა მოხდეს

ლევან ჩიტაძე: გამორიცხულია, რომელიმე პოლიტპატიმრის საკითხის განხილვა დაიწყოს ცალკე და მასზე ლეგენდების შეთხზვა მოხდეს

პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელი კომისია არცერთი პოლიტპატიმრს საქმეს ცალკე არ განიხილავს. ამის შესახებ for.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენეციაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილი პოლიტპატიმართა საქმეების შემსწავლელი კომისიის წევრმა ლევან ჩიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სია ერთიანი იქნება და არ იგეგმება რომელიმე  პოლიტპატიმრისთვის ცალკე კომისია შეიქმნას.

„გარკვევით მინდა ვუთხრა ყველა პოლიტპატიმარს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესით არის დაინტერესებული - გაითვალისწინონ, რომ არ მოხდება არცერთი ცალკე აღებული ადამიანისთვის ცალკე კომისიის შექმნა და საქმის ცალკე განხილვა. სია იქნება ერთიანი. თუკი, ადამიანი არ თვლის თავს პოლიტპატიმრად და ითხოვს სიიდან ამოღებას, ის ავტომატურად, მისი თხოვნით ამოღებული იქნება სიიდან. ჩვენ რათქმაუნდა, ძალით ვერ ვთხოვთ ვერავის, რომ იყოს პოლიტპატიმარი“ - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.

მისივე თქმით, ყველა პოლიტპატიმარმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და პროვოკაციებს არ აჰყვეს. როგორც ლევან ჩიტაძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი ყველა მათგანის საქმეზე სწორ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ყველა პოლიტპატიმარს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. გამორიცხულია, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანის საკითხის განხილვა დაიწყოს ცალკე და მასზე გმირის ლეგენდების შეთხზვა მოხდეს. მოვუწოდებ მათ, არ აყვნენ სხვადასხვა პროვოკაციებს, რაც არაერთხელ მოვისმინეთ და ცრუ ინფორმაციაც არაერთი გავრცელდა. როგორც სამუშაო ჯგუფი, ასევე პარლამენტი ძალიან ადეკვატურ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ერთადერთი, ვისაც სანერვიულო აქვს, წინა ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნები არიან, რადგან, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ გასამართლება იქნება, როდესაც პოლიტპატიმრების რაოდენობა დაზუსტდება“ - აღნიშნა ჩიტაძემ.

მან სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ შედგენილ სიებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კომისია არცერთი ორგანიზაციის სიას ბრმად არ ენდობა და ყველა სიას დეტალურად სწავლობს.

„ჩვენ ყველა არასამთვარობო ორგანიზაციის ნამუშევარს განვიხილავთ, თუმცა არც ერთი არასამათავრობო ორგანიზაციის ცალკე აღებულია სია არ არის უპირატესი. ხდება სიებისა და პოზიციების შეჯერება და საბოლოო ჯამში პოლტიპატიმრების რაოდენობას სამუშაო ჯგუფი წარადგენს. თუკი რომელიმე ორგანიზაცია არ ფლობდა მანამდე ინფორმაციას სხვა რომელიმე პოლიტპატიმარზე, რომელიც თავის სიაში არ არის, ან კონკრეტულ ორგანიზაციას შეცდომით ჰყავდა შეყვანილი სიაში ესა თუ ის პირი, ეს ჩვენგან იქნება ფორმულირებული. არ ვაპირებთ რომელიმე ორგანიზაციის სიას ბრმად ვენდოთ, ჩვენ ვსწავლობთ ყველაფერს თავიდან“ - განაცხადა ჩიტაძემ.