თეა წულუკიანი ერიკ რუბინს შეხვდა

თეა წულუკიანი ერიკ რუბინს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერიკ რუბინმა და თეა წულუკიანმა განაცხადეს, რომ საუბარი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განვითარებულ პროცესებს და სამომავლო გეგემებს შეეხო.

სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანი დიპლომატებს იმ ამოცანებისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა, რაც იუსტიციის სამინისტროს წინაშე დგას.

კერძოდ, სამართლიანი სამართლებრივი გარემოს ფორმირების საკითხებს და იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი კოლეგების მზაობა, დაგვეხმარონ იმ ამოცანების განხორციელებაში, რასაც სამოვალოდ ვგეგმავთ“, - განაცხადა  წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო შეინარჩუნებს გამჭვირვალობის პოლიტიკას საქართველოში აკრედიტებული მისიებისა და საელჩოების მიმართ.

„პირველ რიგში,  ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის საელჩოსა და იუსტიციის დეპარტამენტს ეხება“,- აღნიშნა წულუკიანმა

ერიკ რუბინის განცხადებით, იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა ინფორმატიული და პროდუქტიული იყო ამერიკული მხარისათვის.

„ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმირების პროცესის გამჭვირვალობა. აშშ გააგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერას ამ ამოცანების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა ერიკ რუბინმა.

შეხვედრას,, რომელიც იუსტიციის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.