გიგი უგულავა: დასუფთავების სამსახურის შემოწმება პოლიტიკურად მოტივირებული აქტია და ბიძინა ივანიშვილისგან მოდის

გიგი უგულავა: დასუფთავების სამსახურის შემოწმება პოლიტიკურად მოტივირებული აქტია და ბიძინა ივანიშვილისგან მოდის

თბილისის მერი გიგი უგულავა ქალაქის დასუფთავების სამსახურის პარალიზების საფრთხეზე საუბრობს.  როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დასუფთავების სამსახურში შესვლის კომენტირებისას განაცხადა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული აქტია და იგი „პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მოდის".

„ეს არის პოლიტიკურად ნაკარნახევი და ეს მოდის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც პოლიტიკური აქტიურობა პირდაპირ პროკურატურის აქტიურობას დაუკავშირა. ძალიან სასაცილოა ის, რაც დღეს მოხდა. იმედი მაქვს, ამდენი ჭკუა ეყოფა ფინანსთა მინისტრს და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, რომ ისე დელიკატურად შეამოწმონ დასუფთავების სამსახური, რომ ამ სამსახურის პარალიზება არ მოხდეს. ეს არის კომპანია, რომელიც ახორციელებს თბილისის დასუფთავებას, პასუხისმგებელია ქალაქის სისუფთავეზე და ნებისმიერი შეფერხება იქნება აღქმული, როგორც თბილისელების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი. ნება იბოძონ, ამოწმონ რაც უნდათ, ამის სრული შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ თუ მოხდა ქალაქის პარალიზება, ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის კისერზე. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს არის სამიათას კაციანი კოლექტივი, რომელიც დღე და ღამ მუშაობს. მისი ფინანსური შემოწმება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის წინ სამსახურმა საფინანსო შემოწმება გაიარა. ეს არ არის მნიშვნელოვანი. უნდა შეამოწმონ ნებისმიერი რამ, რაც სურთ. ცალკეა შეფასება. ბუნებრივია, პოლიტიკური აქტია, როდესაც მთელი უწყების პარალიზება ხდება"- განაცხადა უგულავამ.

დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. თბილისის მერიის პრესამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმება არაგეგმურია და დასუფთავების სამსახურის სამივე ოფისში მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დოკუმენტაციას ეცნობიან. შემოწმება მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის #67-ში, ბელიაშვილისა და ტერენტი გრანელის ქუჩებზე არსებულ დასუფთავების სამსახურის ოფისებში.