ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახური ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ გასული წლების შემოსავლებს შეისწავლიან.
„რუსთავი2“- ის ცნობით, მათ ხელთ ჩაუვარდა ოფიციალური დოკუმენტები, სადაც 20 ნოემბერს სამინისტროში გამართული სხდომის შედეგებია ასახული.
„დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროსს აპოლონ კაკაბაძეს დაიწყონ სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ საშემოსავლო გადასახადის დავალიანების საკითხის დეტალური შეწავლა. კონტროლი აღნიშნულ საკითხზე დაევალოს შემოსავლების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელს კახა ცერცვაძეს და საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს აპოლონ კაკაბაძეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
თავად ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ტელეკომპანიებში შესვლა არ იგეგმება.
„მანდ საუბარია არა იმაზე, რომ უნდა შემოწმდეს, არამედ იმაზე, რომ ტელეკომპანიებმა ინფორმაცია წარმოადგინონ. „რუსთავი 2“-ს ყოველწიულად აჭრიდა ყოფილი მთავრობა გადასახადებს, რომლებიც მას უნდა გადაეხადა. აღნიშნული ტელეკომპანია გადასახადებს არ იხდიდა. მათ შორის ჟურნალისტებს უკავებდნენ საშემოსავლო გადასახადს და იმას ბიუჯეტში არ მიმართავდნენ. საუბარია იმაზე, რომ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რატომ არ იხდიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადასახადებს, მაგრამ არაფრის შემოწმება არ იგეგმება ახლა. იგეგმება იმ მასალის შემოწმება, რომელიც არის ჩვენს ხელთ. ჩვენს ხელთ არის განკარგულებები, რომლებიც 2004, 2006, 2012 წლებში ათეულობით მილიონი ლარი ეპატია ტელეკომპანია „რუსთავის 2-„ს, მაშინ, როცა ტელეკომპანია „კავკასიას“ 2 ლარის გამო დაედო ინკასო“, - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ მასალები პროკურატურას გადაეგზავნება.