„მემკვიდრეობა და თანამედროვეობა

„მემკვიდრეობა და თანამედროვეობა" გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

დღეიდან  12 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“.

გამოფენა ეძღვნება ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მკვლევარის, მერი კარბელაშვილის (1927-2006) დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.

ხელოვნებათმცოდნე მერი კარბელაშვილი იკვლევდა ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების დარგების განვითარების პროცესებს. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს როგორც ზოგადმიმოხილვით შრომებს, ასევე, მონოგრაფიულ ნაშრომებს, ალბომებს და ცალკეულ სტატიებს წამყვანი ქართველი მხატვრების შემოქმედების შესახებ.

გამოფენაზე თავმოყრილია იმ მხატვართა ნამუშევრები, რომელთა შემოქმედების შესწავლასა და კვლევას ეთმობა მერი კარბელაშვილის სამეცნერო მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი. ექსპოზიციაზე აგრეთვე, თავმოყრილია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკება, რომელთა ნაწილის ექსპონირება პირველად ხდება, რაც კიდევ უფრო ზრდის ამ გამოფენის მნიშვნელობას.

ექსპოზიციის გაცნობისას, მნახველს საშუალება ეძლევა თვალი გაადევნოს XX საუკუნის სახვითი ხელოვნების დარგთა განვითარებაში მიმდინარე პროცესებს, ამის საშუალებას კი სხვადასხვა თაობის ქართველ მხატვართა გამორჩეული ოსტატების ნამუშევრების წარმოდგენა იძლევა.

გამოფენაზე, ასევე, საგანგებოდაა გამოტანილი მერი კარბელაშვილის ნაშრომების გამოცემების ნაწილი. ასევე, პირველადაა წარმოდგენილი მისი პორტრეტი, შექმნილი მხატვრების: ავთო ვარაზისა და ცისანა სამუნაშვილის მიერ.

ექსპოზიციის ამგვარი კუთხით გაშლა-წარმოჩენა გამოკვეთს თვით მეცნიერის ინტერესების სფეროს და კვლევის მიმართულებას.

გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატთა ძირითადი ნაწილი დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში, მეორე ნაწილი _ მონაწილე მხატვრებს ეკუთვნის, ზოგი ნამუშევარი კი თვით მერი კარბელაშვილის კუთვნილება იყო.