მიხეილ სააკაშვილი: დაპატიმრებების მეშვეობით პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ჩემთვის მიუღებელია

მიხეილ სააკაშვილი: დაპატიმრებების მეშვეობით პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა ჩემთვის მიუღებელია

Украинская правда-ს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  უკრაინაში მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი თანაგუნდელების პასუხისგებაში მიცემის საკითხს გამოეხმაურა და   განაცხადა, რომ დაპატიმრებების მეშვეობით პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა მისთვის მიუღებელია.

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისი მრჩევლები პოლიტიკური მოტივებით იდევნებიან, რადგან, მისი თქმით, საქართველოში ვერავინ იტყვის, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო საშუალებებს გასამდიდრებლად იყენებდნენ.

„ყველა ერთი მუხლით განსაჯეს - ეს არის ხელისუფლების ბოროტად გამოყენება. მაგალითად, გაერთიანებული შტაბის უფროსს დევნიან იმიტომ, რომ მან ჯარისკაცს ყური აუწია, ხოლო სხვებს ყაზარმის გარშემო წელს ზემოთ შიშვლებს სირბილი უბრძანა. როდესაც მე უკრაინაში ვმსახურობდი,  მეც დავრბოდი 10 კილომეტრ მანძილზე ამავე მდგომარეობაში, თუმცა ჩემი მეთაურებიდან ამისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე დაიკითხა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც „რეფორმები ნულიდან გაატარა“.

„თუ ვინმე მიიჩნევს,  რომ პოლიტიკური საკითხები დაპატიმრებების მეშვეობით უნდა გადაწყდეს, მე ასე არ ვფიქრობ. შეიძლება მთელი ოპოზიცია დააპატიმრო?! ასე ხომ ის არ შეწყვეტს არსებობას, როგორც ოპოზიცია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეკითხვის პასუხად,  ისარგებლებს თუ არა საკუთარი უფლებით და გადააყენებს თუ არა მთავრობას,  სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს მიზანშეუწონლად ეჩვენება.

„არ ვფიქრობ,  რომ ასეთი რყევების განხორციელება ჩემგან მართებული ან მიზანშეწონილი იქნებოდა. ჩვენ ეს პროცესი საზოგადოებას გადავეცით, შესაბამისად,  გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს“, - განაცხადა  სააკაშვილმა.