"ჩვენი ხმა გიგი უგულავას": უმადურობაა არ ისაუბრო სიკეთეებზე, რაც დედაქალაქში უგულავას ინიციატივით და მონაწილეობით განხორციელდა

მოძრაობა "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" 25 ნოემბერს ტელეკომპანია "მე-9 არხზე", გადაცემა "ანატომიაში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს .

მათი განცხადებით, აღნიშნულ სიუჟეტში გასული ფაქტები, რომლებიც უგულავასთან არის დაკავშირებული, არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ყველაფერი მიმართულია მისი პოლიტიკური დისკრედიტაციისკენ.

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პიარაქციის ძირითადი დანიშნულება საზოგადოებაში გ. უგულავას მიმართ მიზანმიმართული ურაყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნაა, რაც შემდგომი კომპრომეტაციის გაღრმავების საფუძველი შეიძლება გახდეს. შეგახსენებთ, რომ ბატონი გიგი უგულავა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად დემოკრატიული გზით ჩატარებული არჩევნების შედეგად გახდა ქალაქის მერი. უმადურობაა არ ისაუბრო სიკეთეებზე, რაც დედაქალაქში ბატონი გიგი უგულავას პირადი ინიციატივით და მონაწილეობით განხორციელდა, რამაც თბილისი მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოების დედაქალაქებს მიუახლოვა. მოგიწოდებთ, რომ ბატონი გიგი უგულავას შეფასებისას გავიხსენოთ დედაქალაქის წარსული და აწმყო, სიბნელე და სინათლე, სიბინძურე და სისუფთავე, კრიმინალური ვითარების მაღალი დონე და კრიმინალის მინიმუმამდე შემცირება, სამშობლოს დაკარგული ტერიტორიებისათვის ბრძოლაში მისი აქტიური მონაწილეობა და ა.შ", - ნათქვამია მოძრაობის თავმჯდომარის  ზვიად ფოფხაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.