მიხეილ სააკაშვილი ქეთრინ ეშტონს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ქეთრინ ეშტონს შეხვდა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს, ქეთრინ ეშტონს შეხვდა.

 საუბრის მთავარი თემები იყო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და ამ მხრივ, საქართველოს წვლილი, ასევე ორმხრივი ურთიერთობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.

 საუბრისას, ქეთრინ ეშტონმა ყურადღება ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

 მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს ევროინტეგრაციის კურსს და ეს საკითხი ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად დარჩება. ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების გადაბარების პროცესი ქვეყანაში დემოკრატიულად განვითარდა.

 შეხვედრისას, ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტრუქციული თანამშრომლობის საკითხს.

გარდა ამისა, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ აუცილებელია სამართლის პრინციპების დაცვა და კანონის უზენაესობა - ეს არის მთავარი ფასეულობა, რომელიც, მისივე თქმით, საერთოა ევროკავშირისა და საქართველოსთვის