კობა ბექაური: პირადად ვანომ დაურეკა მესხელს და იმან მოიტანა ეს ფული

კობა ბექაური: პირადად ვანომ დაურეკა მესხელს და იმან მოიტანა ეს ფული

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრმა, ყოფილმა დეპუტატმა კობა ბექაურმა შალვა რამიშვილისთვის ფულის შეთავაზების საკითხზე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში ისაუბრა.

ბექაურის განცხადებით, ამ გადაცემაში მისვლის მიზეზი ისაა, რომ მას სურს ერთხელ და სამუდამოდ, ის ტვირთი მოიხსნას, რომელსაც წლებია ატარებს.

ბექაურის თქმით, როდესაც შალვა რამიშვილის რაიმე მეთოდით შეჩერებაზე დაიწყო საუბარი, ის დაიბარეს დათა ახალაიას კაბინეტში იმისთვის, რომ „ყველაფერი ისე მოეგვარებინათ, როგორც ისინი ეტყოდნენ“.

„დათა ახალაიას კაბინეტში დამხვდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, თავად დათა ახალაია. მაშინ, როდესაც იყო საუბარი ფული შემეთავაზებინა შენთვის და ამის შემდეგ შენ დაგაკავებდნენ, ერთი პერიოდი წინააღმდეგობა გავუწიე, ვუთხარი, რომ იქნებ ჩემგან არ გამოვიდესო. ადეიშვილმა მითხრა, ან დაგიჭერ და გაგანადგურებ, ან ფული უნდა მისცეო“,-განუცხადა ბექაურმა რამიშვილს.

რაც შეეხება 30 ათას ლარს, რომელიც შალვა რამიშვილის ქრთამის სახით შესთავაზეს, ბექაურის თქმით, ეს თანხა მას არ ჰქონია.

„პირადად ვანომ დაურეკა მესხელს და იმან მოიტანა ეს ფული“, - განაცხადა ბექაურმა.

ფარულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ბექაური იხსენებს, რომ კუდი-ის შენობაში მოუწია მისვლა, სადაც მისი თქმით, გიგი უგულავა დახვდა და სწორედ მან წაიღო ეს ვიდეომასალა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როლს ამ საქმეში, ბექაურის განცხადებით, მას ყველაზე მეტად უნდოდა „202“-ის გაჩერება. ის   ვარაუდობს, რომ დეტალებს ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ათანხმებდა.

კობა ბექაურის განცხადებით, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მას დაწერილი მიუტანეს და მან ისე მოაწერა ხელი, არც კი გაცნობია.

შალვა რამიშვილის კითხვაზე,  რატომ აირჩიეს ამ საქმეში მაინცდამაინც კობა ბექაური, ბექაურმა განაცხადა,  რომ „თუ დასჭიდებოდათ,  საკუთარ ძმასაც აირჩევდნენ, ვერავინ ვერ გაუძლებდა იმ წნეხს“.

კითხვის პასუხად, მიიღო თუ არა რაიმე ფინანსური სარგებელი ან საჩუქარი შალვა რამიშვილის დადანაშაულების შემდეგ,  ბექაურმა განაცხადა, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია.

„ის ტერმინალი, რომელშიც ჩემს ოჯახს ინტერესი ჰქონდა, იყო რამდენიმე ძალა, რომელსაც უნდოდა ამ ტერმინალის ხელში ჩაგდება და საბოლოოდ ჩაიგდეს კიდეც. ფაქტობრივად მითხრეს, რომ ეს ტერმინალი გადაუფორმეო სხვას და როდესაც ეს გავაკეთე, საბოლოოდ ფულიც არ გადამიხადეს, ისე დავკარგე ეს ტერმინალი“, -განაცხადა ბექაურმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავის დროზე, ისე წამოვიდა პარლამენტიდან, რომ განცხადებაც არ დაუწერია და „ისე გააკეთეს თვითონ ყველაფერი“.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს.

მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილის და კოხრეიძის დაკავება,  ფარული ვიდეოკამერით გადაღებული იმ ვიდეო-მასალის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს თავად ბექაურმა მიაწოდა.