რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჩეხ ექსპერტებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჩეხ ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროში მოღვაწე ჩეხ ექსპერტებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიმარფთულებები სტრატეგიული დაგეგმარება, მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, მყარი ნარჩენების მართვა და თანამდებობის პირთა დატრეინინგება გახლდათ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მუნიციპალიტეტებში მყარი ნარჩენების მართვის საკითხზე გამახვილდა.

როგორც ჩეხმა ექსპერტებმა აღნიშნეს, მათი ვიზიტის მიზანი საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის გაცნობაა, ხოლო ვიზიტის დასრულების შემდეგ გაკეთდება ანალიზი დასახელებული მიმართულებებით არსებული ვითარების შესახებ, რის შემდეგაც ქართულ ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციები მიეცემათ.

შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივი მმართველობისა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება და ჩეხი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს რეგიონების განვითარებას.