ვიაჩესლავ ჩირიკბა: ვნახოთ რით განსხვავდება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომები ძველისგან

ვიაჩესლავ ჩირიკბა: ვნახოთ რით განსხვავდება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომები ძველისგან

ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უსაფრთხოების საკითხებში 11 დეკემბერს გაიმართება. აფხაზურმა მხარემ შეხვედრა გამართა კომისიის თანათავმჯდომარეებთან ფილიპ ლეფორთან-ევროკავშირი, ანტი ტურუნენთან-გაერო და პადრიგ მერფისთან-ეუთო. აფხაზური მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა დეფაქტო მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, მოადგილეები ირაკლი ხინთბა და ოლეგ არშბა ესწრებოდნენ. 

ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, აუცილებელია  ჟენევის მოლაპარაკებათა ძველი  და დადგენილი  სქემები შეიცვალოს, რადგან ის მოლაპარაკების  შედეგების მიღებას ხელს უშლის. „საინტერესოა საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელები დეკემბრის რაუნდზე რას შესთავაზებენ აფხაზურ მხარეს, რადგან ჯერჯერობით მათი მხრიდან არანაირი შეთავაზება არ წამოსულა. დაველოდებით მორიგ რაუნდს და შევხედავთ, რით განსახვავდება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომები ძველისგან“,-განაცხადა ჩირიკბამ.

დეფაქტო საგარეო საქმეთა  მინისტრი აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარე მოითხოვს ჟენევის დისკუსიის ფორმატის შეცვლას.  „დელეგაციის წევრები შეეცდებიან უფრო ეფექტური და რეალობის ამსახველი გახადონ ის.  დიდი სურვილი გვაქვს, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ჰუმანიტარული საკითხებითაც დავინტერესდეთ, განსაკუთრებით დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხებით“,-განაცხადა ჩირიკბმა.

ჟენევის დისკუსიის ევროკავშირის თანათავმჯდომარის ფილიპ ლეფორის განცხადებით, კომისიის წევრებს სურვილი გააჩნიათ, არსებულმა მდგომარეობამ უფრო წინ წაიწიოს.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ჟენევის პროცესებთან დაკავშირებული  სუბსტანციური საკითხები. ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. მაგრამ ჩვენ გვსურს წინ წავიწიოთ და მეორე სამუშაო ჯგუფთან ერთად განვიხილოთ ჰუმანიტარული, განსაკუთრებით ის საკითხები, რომლებიც დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ“,-აღნიშნა ლეფორმა.