არჩილ კბილაშვილმა კუდ-ის დაკავებულ თანამშრომელთა და შოთა ხიზანიშვილის დანაშაულებრივ ბრალეულობაზე ისაუბრა

არჩილ კბილაშვილმა კუდ-ის დაკავებულ თანამშრომელთა და შოთა ხიზანიშვილის დანაშაულებრივ ბრალეულობაზე ისაუბრა

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე კუდ-ის დაკავებულ თანამშრომელთა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დანაშაულებრივ ბრალეულობაზე ისაუბრა.

from.ge კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩატარებული გამოძიებებით დადგენილ იქნა, რომ შსს-სკონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებით, ამავე დეპარტამენტში შეიქმნა კომპიუტერული ვირუსული პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ინტერნეტმომხმარებლის კომპიუტერში შეღწევა, მასში დაცული ინფორმაციის მოპოვება და კომპიუტერის ადგილმდებარეობის სივრცეში, ოთახში აუდიო და ვიდეოთვალთვალის განხორციელება.

შექმნილი პროგრამის მეშვეობით კუდ-ის ხელმძღვანელობა ახორციელებდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და არასანქცირებულ მოსმენას. მაგალითად, მსგავსი უკანონო შეღწევა სხვადასხვა დროს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირად კომპიუტერში საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნინო ბურჯანაძის კომპიუტერში, ასევე კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ოფისში განთავსებულ კომპიუტერებში.

ამ გზით კუდ-ის თანამშრომლებს უკანონოდ მოპოვებული მრავალი საუბრის ჩანაწერი დაუგროვდათ.

2012 წლის 26 სექტემბერს შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა მოეძია სხვადასხვა სახის ფარული მასალები კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, რომელთა გამოქვეყნებაც გამოიწვევდა ხალხის უნდობლობას კოალიციის ლიდერთა მიმართ. ბექა კვარაცხელიამ შეარჩია ფარულად და არასანქცირებულად მოპოვებული რამდენიმე პოლიტიკური პირის საუბარი, დააკოპირა ისინი შესაბამის დისკებზე და დისკი 2012 წლის 26 სექტემბერს საღამოს საათებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა შოთა ხიზანიშვილს, რის შემდეგაც შოთა ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში.

მეორე დილით შოთა ხიზანიშვილმა დაურეკა ბექა კვარაცხელიას და უთხრა, რომ მან ამოარჩია საჭირო საუბრები რომელიც ბექა კვარაცხელიას უნდა განეთავსებინა „იუთუბის“ ვიდეოპორტალზე ისეთი სახით, თითქოს ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესარიონ სურმავას მიერ.

კუდ-ის თანამშრომლებმა მომხმარებლად დაარეგისტრირეს ბესარიონ სურმავა, რის შემდეგაც მოხდა შოთა ხიზანიშვილის მიერ წინასწარ შერჩეული მასალების ატვირთვა. ასეთი წესით განხორციელდა 2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წევრთა საუბრების გამოქვეყნება, რაც ხდებოდა შოთა ხიზანიშვილის მითითებით.

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესარიონ სურმავას გამოყენებას წინ უსწრებდა კუდ-ის თანამშრომელთა დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ბესარიონ სურმავას მიმართ იქნა ჩადენილი. კერძოდ, კუდ-ის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ იქნა მოპოვებული ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც გამოიყენეს ამ უკანასკნელის მიმართ შანტაჟის იარაღად და მასზე ზემოქმედების მოსახდენად.

იმის შიშით, რომ უკანონოდ მოპოვებული, პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულიყო, ბესიკ სურმავა დათანხმდა კუდ-ის თანამშრომელთა მიერ უკანონოდ მოპოვებული ვიდოემასალა თავისი სახელით გაესაღებინა.

2012 წლის 27 სექტემბერს გამთენიისას ბესარიონ სურმავა კუდ-ის თანამშრომელთა მიერ გადაყვანილ იქნა მოდულის შენობაში. ბესარიონ სურმავას წახალისების მიზნით, შოთა ხიზანიშვილმა კუდ-ის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვახტანგ ბოჭორიშვილს, რომ მისთვის შსს-ს სახელით 100 ათასი დოლარი შეეთავაზებინა. თუმცა, საბოლოოდ, ბესიკ სურმავასთან საუბრის შემდეგ მას გასამრჯელოს სახით 150 ათასი ევრო გადაუხადეს. ეს ფული ბესიკ სურმავას გადაეცა მოდულის შენობაში და საამისოდ გამოყენებულ იქნა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ფულადი თანხა.

ამის შემდეგ ბესარიონ სურმავას გადაეცა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომლის შინაარსიც მან ვიდეოკამერის წინ გამოთქვა. ამის შემდეგ, ბესარიონ სურმავა აღარ გაუშვეს. იგი გადაყვანილ იქნა აჭარაში, სადაც მას რამდენიმე დღით აღუკვეთეს თავისუფლება“ - განაცხადა