პაატა ზაქარეიშვილი ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

პაატა ზაქარეიშვილი ფილიპ დიმიტროვს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ ფილიპ დიმიტროვს შეხვდა.

ფილიპ დიმიტროვსა და წარმომადგენლობის დელეგაციას სახელმწიფო მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა უმასპინძლა.

ელჩმა სახელმწიფო მინისტრს და მინისტრის მოადგილეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა, მაინც გვსურდა, შეხვედრა გამართულიყო, რადგან ბევრია ისეთი საკითხი, რომელთა განხილვაც საჭიროა ამ აპარატთან“, - განაცახდა დიმიტროვმა.

მან აფხაზეთში,  ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ევროკავშირის პროექტებისა და საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ელჩთან ერთად,  სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების ხელმძღვანელი რამონ რეგადა და პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე რენატა ვრობელიც იმყოფებოდნენ.

თავის მხრივ,  სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი აქტორია.

„ევროკავშირი,  სავარაუდოდ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „გამყოფი ხაზების“ ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე, ისევე როგორც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე, საერთაშორისო პარტნიორებმა დაგვიდასტურეს არაღიარების პოლიტიკაში მხარდაჭერა და თანამშრომლობისთვის მზაობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რეინტერგაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რანგში პაატა ზაქარეიშვილმა უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ელჩებთან და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებთან.

კერძოდ,  პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა გაეროს მუდმივ კოორდინატორს, ამერიკის შეერთებული შტატების,  დიდი ბრიტანეთის,  შვეიცარიის, ნიდერლანდების, ისრაელის, შვედეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ესტონეთისა და ავსტრალიის ელჩებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს.