„ნაციონალები“ ახალაიასთან  ულიმიტოდ შესვლის უფლებას ითხოვენ

„ნაციონალები“ ახალაიასთან ულიმიტოდ შესვლის უფლებას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის“  წევრები სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში,  საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ულიმიტო შესვლის უფლებას ითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ,  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა განაცხადეს.

მინაშვილის განცხადებით, ულიმიტოდ შესვლის უფლება უნდა მიეცეს რამდენიმეკაციან ჯგუფს.

„თუ სასჯელაღსრულების სამინისტრო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს,  რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უმცირესობის მხრიდან“, - განაცხადა მინაშვილმა და  აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,  ინფორმაციას ინტენსიურად აწვდიან.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით კი, უმცირესობის დეპუტატები მონიტორინგის ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდიან, რომელშიც თავად შევლენ და ახალაიას მონახულება შეუზღუდავად შეეძლებათ.

„თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სამომავლო გეგმებსდავსახავთ“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, დღეს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია გლდანის მე-8 დაწესებულებიდან ორთაჭალის მე-7 ციხეში გადაიყვანეს.

სუბარის განცხადებით,  ახალაიას გადაყვანა მისი უსაფრთხოების მიზნით მოხდა.