ომბუდსმენის აპარატი: სასჯელაღსრულების სამინისტრომ ახალაიას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ღონისძიება უნა გაატაროს

ომბუდსმენის აპარატი: სასჯელაღსრულების სამინისტრომ ახალაიას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ღონისძიება უნა გაატაროს

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია მოინახულეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართავს, ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში განთავსების მიზანშეწონილობის საკითხი კიდევ ერთხელ ყურადღებით განიხილოს და ყველა ღონისძიება გაატაროს ბრალდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას აქვეყნებს.

„2012 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში მოინახულეს ბრალდებული ბაჩანა ახალაია, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში გადმოყვანილი იქნა გლდანის N8 დაწესებულებიდან 13 ნოემბერს, საღამოს საათებში. ბ.ახალაია განთავსებულია სრულიად განცალკევებით სხვა პატიმრებისგან. მის საკანში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები არიან, რომ N7 დაწესებულებაში ბ.ახალაიას უსაფრთხოება დაცული იქნება.

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბ.ახალაიამ განაცხადა, რომ მის მიმართ არანაირი სახის არასათანადო მოპყრობა არ განხორციელებულა,  ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს და არც ადმინისტრაციის მიმართ აქვს რაიმე სახის პრეტენზია, თუმცა დაწესებულების სპეციფიკური კონტინგენტიდან გამომდინარე, გამართლებულად არ მიაჩნია მისი N7 დაწესებულებაში განთავსება.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 14 ნოემბრამდე ბ.ახალაია ორჯერ მოინახულეს - 2012 წლის 7 ნოემბერს, თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, 2012 წლის 9 ნოემბერს,  ღამის საათებში, როცა ბ.ახალაია გადაყვანილ იქნა გლდანის N8 დაწესებულებაში. ორივე ჯერზე ბრალდებულმა უარი განაცხადა სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებაზე“, -ნათქვამია განცხადებაში.