კაპიტანმა ზაზა ქესანაშვილმა დღეს, For.ge-ის პრესკლუბში მეთაურების მიერ, ბატალიონის წევრებზე განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.
ქესანაშვილის განცხადებით, 2011 წლის 3 იანვარს ისინი ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, თუმცა აღნიშნა, რომ ეს სამხედრო მოსამსახურეებისათვის ვიდრე ფიზიკური მომზადების ტესტის ჩატარება, გაცილებით მძიმე გამოცდა იყო.
ქესანაშვილის თქმით, გაურკვეველი მიზეზით, წოდებით ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თითოეული ოფიცრის დაქვეითება და მათი შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა მოხდა.
„სამ იანვარს,როდესაც სამსახურში გამოვცხადდით, მივიღეთ ბრძანება, რომ წასასვლელად მზად უნდა ვყოფილიყავით, ხოლო თუ სად მივდიოდით, შემდეგ გვეტყოდნენ. რა თქმა უნდა, მთელი პირადი შემადგენლობა მოვემზადეთ და დეპარტამენტიდან დაახლოებით, ღამის 2 საათისთვის გავედით. უკვე დილით კი, ვაზიანის ტერიტორიაზე ვიყავით. ჩასვლის შემდეგ ჩვენი განთავსება-კარვების მომზადება და საცხოვრებელი პირობების შექმნა დაიწყო. შემდეგ იყო გაუთავებელი მოწყობები და რას ისახავდა მიზნად, ეს გაურკვეველია. ამ პერიოდში მოვიდა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, ის შორი ახლოს იდგა და მივიღეთ ბრძანება, რომ რა იარაღიც გვქონდა ჩაგვებარებნინა, ასევე მოვიდა გენ. ინსპექცია და მიუხედავად, იმისა, რომ აქამდე ტელეფონებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მათ შეკითხვაზე, თუ ვის ჰქონდა ტელეფონი, რა თქმა უნდა, ყველამ აჩვენა და შემდეგ სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო.
მთელი პირადი შემადგენლობა მამაკაცები და ქალბატონები რამდენიმე საათის განმავლობაში გვარბენინეს. ბრძანება იყო, რომ სირბილის ტემპი არ უნდა დაცემულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაგეთვლებოდა, რომ ტესტი ვერ ჩავაბარეთ და შესაბამისად, სამსახურიდან გაგიშვებდნენ. აღვნიშნავ, რომ სირბილის პროცესში ჩვენზე ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სირბილის შემდეგ კი, გაოფლიანებულები, დაღლილები სამწყობრო მოედანზე მოგვაწყვეს. ალყა შემოგვარტყეს და რაღაც ბრძანებას ველოდებოდით. დაახლოებით, ღამის სამი საათისთვის, გვითხრეს რომ ბრიფინგების ოთახში შევსულიყავით. ოთახში იმყოფებოდნენ ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, ყოფილი გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და უამრავი სამხედრო პირები. პირად შემადგენლობასთან იყო ცინიკური დამოკიდებულება და შეურაცხყოფა. მოხდა სამხედრო მოსამსახურეების წოდების აღმნიშვნელი სამხრეების ჩამოხევა და შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაეთხოვათ.
იძულებით დავწერეთ პატაკი ურთიერთშეთანხმების შესახებ. ამ ყოველივეს დასრულების შემდეგ კი, თავდაცვის სამინისტროდან მოვიდა იურისტი, დეპარტამენტის უფროსი ვინმე ჯორბენაძე და გვითხრა, რომ მინისტრის სიტყვებს გვეუბნებოდა: მინისტრმა შემოგითვალათ, არ მიმართოთ, არც სასამართლოს, არც რომელი ოპოზიციურ პარტიას და არც რაიმე ასოციაციასო. თქვენზე და თქვენი ოჯახების შესახებ ყველაფერი ვიცით, და უარეს დღეში აღმოჩნდებითო" , - განაცხადა ქესანაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლების"იურისტმა ლაშა მკურნალიძემ კიდევ ერთ სამხედრო პირზე, კავშირგაბმულობის ბატალიონში მეოთხე ბრიგადაში მყოფ ომარ სამხარაძეზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ამ "ოპერაციის" მსხვერპლია.
მკურნალიძის განცხადებით, 2010 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ომარ სამხარაძე ორ პირთან ერთად, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიგარეტს ეწეოდა , როდესაც კერძო, პრივატულ საუბარში განაცხადა საკუთარი ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრება, რომ "რა ხდება ამ ჯარში, რაღაც ციხეს დავემსგავსეთო" .
მკურნალიძემ აღნიშნა, რომ ამ დროს, ბაჩო ახალაია პენიტენციალური სისტემიდან თავდაცვის უწყებაში ახალი მისული იყო.
„მეორე დღეს, ბატონ ომარის იბარებს ნაწილის მეთაური და ეკითხება, მართლაც თქვა თუ არა მსგავსი ფრაზა და რომ მას ამისთვის შეიარაღებულ ძალების სახმელეთო შტაბში იბარებდნენ. მეორე დღეს, ბატონო ომარი და ის სამი პირი ჩასვეს ავტობოლიში და სახმელეთო შტაბში ბატონი კალანდაძის ოთახში ჩაიყვანეს. კაბინეტში შესვლისთანავე მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს“, - განაცხადა მკურნალიძემ.
For.ge - ში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციას 20-მდე სამხედრო მოსამსახურე ესწრებოდა. მათი უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზის გამო შეიარაღებული ძალებიდან სხვადასხვა დროს გაათავისუფლეს. როგორც მათი ნაამბობი ფაქტებიდან გაირკვა, დამამცირებელ ძალადობრივ მოპყრობაში ყველაზე ხშირად მეოთხე ბრიგადის მეთაური, ზურაბ შამათავა, გენერალური შტაბის უფროსი, გიორგი კალანდაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ფიგურირებდნენ.